ნაციონალური მოძრაობის წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ პარტია პარლამენტში შესვლის საკითხზე კვირას იმსჯელებს პოლიტსაბჭოს სხდომის ფარგლებში.
ხატია დეკანოიძე იმედოვნებს, რომ პარტია საკანონმდებლო ორგანოში შესვლის გადაწყვეტილებას მიიღებს.
„კვირას დადგება ეს საკითხი. ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ ამ საკითხზე, უნდა ვიმსჯელოთ მომავალი ბრძოლის სტრატეგიაზე, უნდა ვიმსჯელოთ ზოგადად რა უნდა იყოს ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი წერტილები და იცით, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მოდის. ამიტომ, შესაბამისად, რა თქმა უნდა, ფართო მსჯელობა გაიმართება და ამ საკითხზე კენჭისყრა იქნება გადაწყვეტილებამდე.
მე დიდი იმედი მაქვს, რომ ამ გადაწყვეტილებას [პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას] დაუჭერს უმრავლესობა მხარს. მე არ შემიძლია წინასწარ გითხრათ, ნამდვილად ვერ გეტყვით იმიტომ რომ 120 ადამიანია პოლიტსაბჭოში. ცხარე კამათი იქნება, დარწმუნებული ვარ. ჩემი მეგობრების არგუმენტაციაც ვიცით და ჩვენი არგუმენტაციაც იციან მათ. ამიტომ, ვნახავთ", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ მთავარ არხთან საუბრისას.
ნაციონალურ მოძრაობას პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. ნიკა მელიას ციხიდან გამოსვლის შემდეგ პარტიაში ამ საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს. კონსულტაციებზე ნიკა მელია პარტიის რამდენიმე წევრთან ერთად უკრაინაში, მიხეილ სააკაშვილთანაც იმყოფებოდა.
ნიკა მელიას განცხადებით, პარტია პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით მას შემდეგ გამოაცხადებს გადაწყვეტილებას, რაც რეგიონებში ამომრჩეველს შეხვდება.
შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში 27 აპრილს შევიდა.
შარლ მიშელის დოკუმენტის შინაარსი მიუღებელი აღმოჩნდა ენმ-სთვის. პარტიიდან წინადადებას მხოლოდ სალომე სამადაშვილი დათანხმდა, შემდეგ კი ენმ ფაქტობრივად დატოვა.
ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 20 აპრილს მიხეილ სააკაშვილმა მოუწოდა, შევიდეს პარლამენტში მას შემდეგ, რაც ნიკა მელია ციხეს დატოვებს.
ენმ-სთვის, მათ შორის, ნიკა მელიასთვისაც მიუღებელია ამნისტიის ნაწილი, რომელიც მიშელის დოკუმენტში ჩაიწერა.
წინადადებაში წერია, რომ "შეთანხმების მიღწევიდან 1 კვირის ვადაში უნდა გადაიდგას ნაბიჯები 2 საქმეზე, რომლებიც პოლიტიკურად აღიქმება, ამნისტიით და/ან სხვა ნაბიჯებით, რომლებიც ანალოგიურ შედეგამდე მიგვიყვანს".
2 საქმე გიორგი რურუას და ნიკა მელიას საქმეებს მოიაზრებდა. რურუა პრეზიდენტმა შეიწყალა, მელია კი ციხიდან ევროკავშირის მიერ გადახდილი გირაოს საფუძველზე გათავისუფლდა.