დღეს, 17 მაისს, 17:30 საათზე ბრიუსელში, ევროკომისიის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნით აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორია ქართული დიასპორული ორგანიზაცია Promote Georgia.
აქციის ორგანიზატორები გაავრცელებენ საჯარო მიმართვას ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მეთაურების, ევროკომისიის პრეზიდენტისა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის სახელზე.
მიმართვის მოთხოვნები იქნება:
- დაუწესდეს პირადი ფინანსური სანქციები და სამოგზაურო აკრძალვა საქართველოს არაფორმალურ მმართველ, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილსა და მისი ოჯახის წევრებს, მისი როლისა და გავლენისთვის საქართველოს მმართველ პარტიაზე, მთავრობასა და დემოკრატიის მოშლაში, როგორც ეს უკვე აღინიშნა ევროპის პარლამენტის რეზოლუციაში.
- დაუწესდეს პირადი ფინანსური სანქციები და სამოგზაურო აკრძალვა საქართველოს პარლამენტის იმ დეპუტატებს, მმართველი გუნდის წევრებსა და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც არიან უცხოური გავლენის აგენტების შესახებ რუსული კანონის ინიციატორები და მხარდამჭერები, შესაბამისად, წვლილი მიუძღვით საქართველოს ევრო-ატლანტიკური კურსის ცვლილებაში.
- მოითხოვონ კანონპროექტის უპირობოდ გაწვევა. კანონპროექტის ადაპტირების პროცესის მხარდაჭერა, ქართული საზოგადოების მოთხოვნების საწინააღმდეგოდ იმუშავებს.
- გააძლიერონ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მხარდაჭერა.