ევროკავშირმა ირანს რუსეთისთვის რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდების გამო ახალი სანქციები დაუწესა. საუბარია 7 კერძო პირსა და 7 ორგანიზაციაზე.
ე.წ. შავ სიაში მოხვდნენ პირები და ორგანიზაციები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან რუსეთისთვის უპილოტო საფრენი აპარატების, რაკეტების და მასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების შემუშავებასა და გადაცემაზე, ასევე შეიარაღებული ჯგუფებისთვის და ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ძირს უთხრიან მშვიდობასა და უსაფრთხოებას ახლო აღმოსავლეთისა და წითელი ზღვის რეგიონში.
სიაში შეიყვანეს სამი ირანული ავიაკომპანია (Saha Airlines, Mahan Air და Iran Air) და ორი შემსყიდველი ფირმა. ისინი, შესაბამისად, პასუხისმგებელნი არიან ირანული უპილოტო საფრენი აპარატების და მათთან დაკავშირებული კომპონენტებისა და ტექნოლოგიების ტრანსნაციონალური შესყიდვების ქსელებით გადაცემასა და მიწოდებაზე რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომში გამოსაყენებლად. ასევე ჩამოთვლილია ორი კომპანია, რომელიც მონაწილეობს საწვავის წარმოებაში და რომელიც გამოიყენება რაკეტებისა და ჭურვების გასაშვებად.
გარდა ამისა, საბჭომ მიიღო შემაკავებელი ზომები ირანის თავდაცვის მინისტრის მოადგილის სეიედ ჰამზა ღალანდარის წინააღმდეგ, ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის ლიდერების წინააღმდეგ.
სანქცირებულ პირებს გაეყინებათ აქტივები და ევროკავშირში გამგზავრება აეკრძალებათ.
ევროკავშირმა ირანს ახალი სანქციები დაუწესა
14 ოქტ 202419:28
3 წუთის საკითხავი