ევროპარლამენტარები, სვენ მიქსერი, მარინა კალიურნდი და ვიოლა ფონ კრამონი ერთობლივი განცხადებით მიესალმებიან შარლ მიშელის დოკუმენტზე "ქართული ოცნებისა და ოპოზიციური პარტიების უმრავლესობას შორის შეთანხმებას" და მოუწოდებენ დარჩენილ პარტიებს იგივე "გამბედაობისკენ".
მათივე წერილში ევროპარლამენტარები აღნიშნავენ, რომ შეთანხმების განახლებული ტექსტი უფრო მეტად მიმართულია პოლიტიზირებული მართლმსაჯულების გადაჭრისკენ.
"ჩვენ მთელი გულით მივესალმებით 19 აპრილს მიღწეულ შეთანხმებას, მმართველ პარტიას ქართულ ოცნებასა და ოპოზიციური პარტიების უმრავლესობას შორის, რათა დასრულებულიყო საქართველოს პოლიტიკურ ჩიხში ყოფნა.
ახალი ტექსტი ემყარება ძველ წინადადებებს, რომელიც კრისტიან დანიელსონის მიერ იყო შეთავაზებული, ის უფრო მეტად მიმართულია პოლიტიზირებული მართლმსაჯულების სრულყოფილად გადაჭრისკენ, საარჩევნო და სასამართლო საკითხების გაუმჯობესებისკენ.
ჩვენ გვჯერა, რომ შეთანხმება პოლიტიკურად დაბალანსებულია და საქართველოს მოქალაქეების საჭიროებებსა და ლეგიტიმურ მოლოდინებს დებატების ცენტრში აქცევს.
ის გთავაზობთ არსებული პოლიტიკური ჩიხიდან გამოსავალს და დაგეხმარებათ პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირებაში, რომელიც ასე წამლავს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებას.
ეს შეთანხმება ახალ სტიმულს აძლევს დემოკრატიის კონსოლიდაციასა და კანონის უზენაესობას, რაც საქართველოს ევროპულ მისწრაფებებთან შესაბამისობაში აქცევს.
ჩვენ გულწრფელად მოვუწოდებთ დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებსა და პარლამენტის ინდივიდუალურ წევრებს, აჩვენონ იგივე გამბედაობა საქართველოს დიდი სიკეთისთვის.
იმისათვის, რომ ეს პოლიტიკური კრიზისი მთლიანად და საბოლოოდ უკან მოვიტოვოთ, იმედი გვაქვს საქართველოს პარლამენტი გახდება სრულად ფუნქციური უახლოეს მომავალში და ამასთან, უზრუნველყოფს ხელშეკრულების სრულფასოვნად, საფუძვლიანად განხორციელებას.
ევროპარლამენტი მზადაა გააგრძელოს საქართველოს პარლამენტთან ახლო თანამშრომლობა", - ნათქვამია ერთობრივ განცხადებაში.
დოკუმენტში, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილმა 19 აპრილს ხელი მოაწერა, ნათქვამია, რომ შეთანხმების მიღწევიდან 1 კვირის ვადაში უნდა გადაიდგას ნაბიჯები 2 საქმეზე, რომლებიც პოლიტიკურად აღიქმება, ამნისტიით და/ან სხვა ნაბიჯებით, რომლებიც ანალოგიურ შედეგამდე მიგვიყვანს. 2 საქმეში ნიკა მელიას და გიორგი რურუას საქმეები იგულისხმება.
20 აპრილს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შარლ მიშელთან ვახშმის შემდეგ სალომე სამადაშვილმა თქვა, რომ 27 აპრილს, როცა პარლამენტში ამნისტიის კანონის რეგისტრაცია მოხდება, სალომე ზურაბიშვილი გიორგი რურუას შეიწყალებს.
დოკუმენტის მიხედვით, ნიკა მელიას გირაოს ან ევროკავშირი გადაუხდის, ან ამნისტიის კანონით დატოვებს ციხეს.
მელიას გირაოს გადახდაზე უარს ამბობს, ასევე, მისთვის მიუღებელია ამნისტიის კანონის შინაარსი, ვინაიდან ის 20 ივნისის დამნაშავე პოლიციელებზეც უნდა გავრცელდეს. უცნობია, შეეხება თუ არა ამნისტია ბრძანების გამცემ პირებს.
ევროკავშირს წერილით მიმართეს 20 ივნისს დაზარალებულებმა და მოითხოვეს, საქართველოს დაეხმარონ ისე, რომ არ შეილახოს მათი უფლებები.
ასევე, საია-მ, რომელიც პარტიებს შეთანხმების ხელმოწერისკენ მოუწოდებდა, ახლა მიმართავს მათ, არ დაუშვან 20 ივნისს პოლიციელთა დანაშაულებებზე ამნისტიის კანონის ინიცირება.