logo
ENG



ევროპარლამენტარი: კრემლმა უნდა იცოდეს, რომ დანაშაული ძვირად დაუჯდება

19 იან 202120:57
3 წუთის საკითხავი
 

ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონ ტაუბადელმა რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის შესახებ გამართულ დებატებზე განაცხადა, რომ ევროკავშირმა კრემლთან მიმართებაში პოლიტიკა უნდა შეცვალოს. კრამონის თქმით, ნავალნი დააპატიმრეს იმიტომ, რომ მან პუტინის აგენტების მოწამვლის შემდეგ გადარჩენა გაბედა.

ვიოლა ფონ კრამონის განცხადებით, კრემლმა უნდა იცოდეს, რომ დანაშაულის ჩადენა ძვირად დაუჯდება.

"ალექსეი ნავალნი დააპატიმრეს, რადგან მან გაბედა გამოსვლა პუტინის აგენტების მიერ მოწამვლის შემდეგ. კრემლის ცინიზმის ფსკერზე მისივე სისასტიკეა. ახდენს სუვერენული ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციასა და ანექსიას, დევნილს ხდის მილიონობით ადამიანს, კლავენ და წამლავენ ოპონენტებს რუსეთშიც და ევროპის ტერიტორიაზეც. რას აკეთებს ევროკავშირი - ახდენს რეაგირებას ყველა შემთხვევაზე, მაგრამ უნდა დავასრულოთ რუსეთთან ის, რომ საქმე ძველებურად აღარ იქნება. კრემლმა უნდა იცოდეს, რომ დანაშაული ძვირად დაუჯდება. მოვითხოვ ჩრდილოეთ ნაკადის დაუყოვნებლივ შეჩერებას", - განაცხადა ფონ კრამონმა.

17 იანვარს გერმანიიდან რუსეთში ჩასული რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი აეროპორტშივე დააკავეს. პოლიტიკოსთან ერთად იმყოფებოდა მისი ადვოკატიც, თუმცა სამართალდამცველებმა უფლებადამცველს არ მისცეს იმის უფლება, რომ ნავალნის გაყოლოდა. 18 იანვარს სასამართლომ ნავალნის 30-დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ნავალნი 2021 წლის 20 აგვისტოს მოწამლეს. ომსკის ჰოსპიტალიდან ბერლინში გადაყვანის შემდეგ, ექიმებმა მის ორგანიზმში აკრძალული ნერვული აგენტი - "ნოვიჩოკი" აღმოაჩინეს. ომსკის ექიმების დასკვნების საწინააღმდეგოდ, გერმანელმა ექიმებმა განაცხადეს, რომ ნავალნი მოწამლული იყო. ნავალნი კომიდან 15 სექტემბერს გამოვიდა და მას შემდეგ თავს კარგად გრძნობს. 

ამასთან 2020 წლის 21 დეკემბერს ნავალნიმ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც პოლიტიკოსის მტკიცებით, მისი მკვლელობის ორგანიზებაში ჩართულ ერთერთ პირს ესაუბრება. ნავალნის თქმით, კონსტანტინ კუდრიავცევი არის სამხედრო ქიმიკოსი, რომელიც რუსეთის უშიშროების სამსახურის (ФСБ-ს) კრიმინალისტიკის ინსტიტუტის თანამშრომელია. როგორც ნავალნი ვიდეოში ყვება, კუდრიავცევი სწორედ ის პირია, რომელსაც მისი ტანსაცმლიდან კვალის დაფარვა დაავალეს. 


close დახურვა