საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ევროპული საბჭო უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს ივნისის სამიტზე განიხილავს.
"საფრანგეთის პრეზიდენტმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა არაერთხელ განაცხადეს, რომ უკრაინა ევროპული ოჯახის ნაწილია. უკრაინის განაცხადს წევრობაზე ახლა ევროკომისია განიხილავს, ხოლო წევრი ქვეყნების დონეზე ევროპული საბჭოს სამიტზე, ივნისში იქნება განხილული", - განაცხადეს საფრანგეთის საგარეო უწყებაში.
8 აპრილს უკრაინაში ჩასულმა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა პრეზიდენტ ზელენსკის ევროკავშირის წევრობის კითხვარი გადასცა. ლაიენის განცხადებით, ამ ნაბიჯით უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის სტატუსის მინიჭების პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდა.
რამდენიმე დღეში კითხვარი მიიღეს საქართველომ და მოლდოვამაც. ქვეყნებმა კითხვარის პირველი და მეორე ნაწილები ევროკომისიას უკვე გადასცეს.