logo
ENG



ევროპული საქართველო პლაკატების ჩამოხევაზე: საქმე გვაქვს კანონის შერჩევით აღსრულებასთან

08 აგვ 202014:58
3 წუთის საკითხავი
 

ევროპული საქართველოს სპიკერი ირაკლი კიკნაველიძე ამბობს, რომ თბილისის მერია ოპოზიციურ პარტიას პლაკატების გაკვრაში მიზანმიმართულად უშლის ხელს. 

კიკნაველიძის თქმით, საქმე გვაქვს კანონის შერჩევით აღსრულებასთან, რაც, მისი შეფასებით, პრინციპულად არასწორია. 

"კამპანიის ერთ-ერთი ნაწილია, საქართველოში პლაკატების გაკვრა და ეს არის გზა, რითიც ვსაგრებლობთ, ვაწოდებთ საზოგადოებას ინფორმაციას საარჩევნო ნომრის, ჩვენი გეგმებისა და ჩვენი განწყობების შესახებ. ეს პროცესი 2-3 დღეა დავიწყეთ და გუშინ თბილისის მერიამ გადაწყვიტა, რომ არარსებული რეგულაციით ხელი შეეშალათ პლაკატის გაკვრისთვის. გადაწყვეტილება მიიღეს ორგანიზებულად, ერთობლივად, რომ ჯერ თბილისში და შემდეგ დანარჩენ საქართველოში, პარტიებისთვის და კონკრეტულად „ევროპული საქართველოსთვის" პლაკატების გაკვრაში შეეშალათ ხელი", - ამბობს პარტიის სპიკერი. 

მისი თქმით, უკვე წლებია საქართველოს ხელისუფლება ცდილობს რეგულაციების გზით ოპოზიციური პარტიების საარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლას. 

"ისინი წერენ ჯარიმებს და აპირებენ, რომ ხელი შეუშალონ მომავალშიც პარტიებს ამ საქმიანობაში. უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოში უკვე არსებობს ამ ხელისუფლების მიერ შემოღებული არაერთი რეგულაცია, რომელიც ხელს უშლის ოპოზიციურ პარტიებს მუშაობაში, კამპანიების ჩატარებაში. რამდენიმე წლის წინ მარეგულირებელმა კომისიამ არასატელევიზიო რეკლამა შეუზღუდა პარტიებს არასაარჩევნო პერიოდში, რაც ასევე კონსტიტუციური უფლებების დარღვევაა. ახლა უკვე პლაკატების გაკვრაზე მიდგა საქმე", - ამბობს კიკნაველიძე. 

პარტიის სპიკერი აცხადებს, რომ მერია კანონს არასწორად ინტერპრეტირებს და ამით გამოხატვის თავისუფლებას უზღუდავს ოპოზიციურ პარტიებს. 

"ინტერპრეტაციას უკეთებენ კანონის მუხლს არასწორად და უნდა გვესმოდეს, რომ ამ საკითხებს საქართველოში არეგულირებს სიტყვის თავისუფლების შესახებ კანონი, რომელიც ნათლად ამბობს, რომ აკრძალვა აუცილებლად უნდა ემსახურებოდეს უფრო დიდ სიკეთეს, ვიდრე არის გამოხატვის თავისუფლება. ამ შემთხვევაში არ არსებობს არანაირი უფრო დიდი სიკეთე ვიდრე გამოხატვის თავისუფლებაა და თუ გავივლით თბილისის ქუჩებში, ვნახავთ, ათასობით გაკრულ პლაკატს, რომელზეც მერიას პასუხი არასდროს არ მოუთხოვია. შესაბამისად, საქმე გვაქვს კანონის შერჩევით აღსრულებასთან", - ამბობს კიკნაველიძე. 

მისი შეფასებით, ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მმართველ გუნდში არსებულ მძიმე პანიკაზე მეტყველებს. 

"ეს არის პრინციპულად არასწორი, ცუდი პოლიტიკური გარემოს შემქმნელი, მაგრამ ასევე გვიჩვენებს იმ ძალიან მძიმე პანიკასა და დამოკიდებულებას, რაც საქართველოს ხელისუფლებას ამ კამპანიის მიმართ აქვს", - განაცხადა ირაკლი კიკნაველიძემ", - განაცხადა პარტიის სპიკერმა. 

გუშინ ევროპული საქართველოს წევრმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა, რომ ქართულმა ოცნებამ მოხელეების ხელით ქვეყნის მასშტაბით გაკრული პარტიის პლაკატების ჩამოხევა დაიწყო.  

 

 


close დახურვა