თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში დადასტურებული ახალი შემთხვევებიდან ინფექციურში მკურნალობას მხოლოდ ერთი პაციენტი გადის. ასევე, როგორც ეზუგბაიამ განაცხადა, დილას ტესტირება 9 პაციენტზე ჩატარდა და აქედან კორონავირუსი არცერთ პაციენტს არ დაუდასტურდა. ამ ეტაპზე დაფიქსირებული 234 შემთხვევიდან თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკუნალობას 34 პაციენტი გადის, საღამოსთვის კი ტესტი 10 პაციენტზე არის აღებული.
„ახალი შემთხვევებიდან ერთი დაემატა მარნეულის კლასტერიდან და ეს პაციენტი გადმოყვანილი იქნა ჩვენთან. დღეს დილას ტესტირება ჩატარდა 9 პაციენტზე 9-ვე პაციენტზე მიღებულ იქნა ნეგატიური პასუხი. მძიმე პაციენტების მდგომარეობა უცვლელია, ძალიან მძიმე პაციენტი ახლა დაგვრჩა მხოლოდ ერთი და დანარჩენი 6 არის საკმაოდ მძიმედ მიმდინარე პნევმონიით. თუ ამ პაციენტებთან დაავადება პროგრესირებას გააგრძელებს შეიძლება დამძიმდნენ, მაგრამ იმდენი დღეა უკვე სტაბილიზაცია გვაქვს მიღებული, იმედი გვაქვს რომ მათთან უკვე გამოჯანმრთელების პერიოდი დაიწყება. ჩვენთან 34 პაციენტი რჩება, საღამოსთვის აღებული არის 10 ტესტი. “,-განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 234 შემთხვევა ფიქსირდება, აქედან გამოჯანმრთელებულია 54 პაციენტი, გარდაცვლილია - 3. ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 4908 პირი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 429 პაციენტი.
შეგახსენებთ, კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა.