თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 4 ახალი შემთხვევიდან 1 პაციენტი საბურთალოს კლასტერს განეკუთნება, 2 იმპორტირებულია, 1 კი, სამედიცინო პერსონალიდანაა.
„822 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. გამოჯანმრთელებულები 4 არიან და გახდა 690. ამ ეტაპზე 119 პაციენტი მკურნალობს კოვიდ ცენტრებში. 4 დადასტურებული შემთხვევიდან ერთი გახლავთ საბურთალოს წყაროდან, მეორე გახლავთ 2 იმპორტირებული შემთხვევა და 1 სამედიცინო პერსონალი. ეს სამედიცინო პერსონალი არ არის ჩვენი ცენტრის. 30 იანვრიდან დღემდე, ანუ მეხუთე თვეა ჩვენი ცენტრი კოვიდ ინფიცირების შესაძლო და დადასტურებულ შემთხვევებთან მუშაობას და ჩვენ სამედიცინო პერსონალის ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ გვქონია“, - აღნიშნა ეზუგბაიამ
რაც შეეხება ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ პაციენტებს, მისი თქმით, ერთის მდგომარეობა მძიმე რჩება, ხოლო დანარჩენების საშუალო და მსუბუქია.
„ჩვენ ცენტრში ამ ეტაპზე წევს 43 დადასტურებული პაციენტი. გუშინ მივიღე 3 ახალი შემთხვევა. ამ სამიდან ერთი არის საბურთალოდან, ერთი იმპორტირებული და ერთი არის წინა დღის, მარნეულის დადასტურებული შემთხვევა. პაციენტების მდგომარეობა უცვლელია. გვყავს 1 მძიმე პაციენტი, რომლის მდგომარეობა სტაბილურია და უკვე გაუმჯობესება გვაქვს. ალბათ მომდევნო დღეებში ისიც დატოვებს მძიმეთა სიას. დანარჩენი შემთხვევები არის საშუალო და მსუბუქი“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.