ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გმობს მოძალადე, ჰომოფობიური მცირე ჯგუფების მიერ პარლამენტის შენობასთან აღმართული ევროკავშირის დროშის ჩამოგლეჯასა და დაწვას.
პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ "ეს არის რუსული ოცნების მიერ კონსტიტუციის დარღვევით ორგანიზებული დანაშაული, რომელიც მიმართულია ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ".
"ენმ გმობს ქართული ოცნების ორგანიზებული დაჯგუფების მიერ, კონსტიტუციის და კანონის ფეხქვეშ გათელვით, ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის ნების საწინააღმდეგოდ, საქართველოს პარლამენტის შენობასთან აღმართული ევროკავშირის დროშის ჩამოხსნას და დაწვას. ეს არის რუსული ოცნების მიერ კონსტიტუციის დარღვევით ორგანიზებული დანაშაული, რომელიც მიმართულია ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ.
საქართველოს ადგილი ევროპაშია. საქართველო იქნება ევროპაში ! ჩვენ, ჩვენი იდენტობის, ჩვენი ტრადიციების და ჩვენი მომავლის გადასარჩენად საბოლოოდ გავიმარჯვებთ - საქართველო არ გარუსდება ! რუსული ოცნება პანიკაშია, მათ ვერტიკალში არის რღვევის შეუქცევადი პროცესი და ამ ვითომ ძალის დემონსტრირებით ისინი ცდილობენ საკუთარი თავის დამშვიდებას.
საქართველოს ადგილი ევროპაშია. საქართველო იქნება ევროპაში ! ჩვენ, ჩვენი იდენტობის, ჩვენი ტრადიციების და ჩვენი მომავლის გადასარჩენად საბოლოოდ გავიმარჯვებთ - საქართველო არ გარუსდება ! რუსული ოცნება პანიკაშია, მათ ვერტიკალში არის რღვევის შეუქცევადი პროცესი და ამ ვითომ ძალის დემონსტრირებით ისინი ცდილობენ საკუთარი თავის დამშვიდებას.
რუსული ოცნების დაჯგუფების მიერ ევროკავშირის ჩამოხსნილ დროშას კვლავ აღმართავს ქართველი ხალხი. საქართველოს ბატონ-პატრონი არის ქართველი ხალხი. ძალისა და ლეგიტიმაციის ერთადერთი წყარო არის ქართველი ხალხი. საქართველო ეკუთვნის ქართველ ხალხს, ადამიანებს რომლის აქტიური პროტესტის შედეგად რუსულმა ოცნებამ უკან წაიღო რუსული კანონი. ქართველი ხალხი შეასრულებს ისტორიულ მისიას და საქართველო იქნება ევროპის ნაწილი, ერთიანი და მშვიდობიანი! ძალა ხალხშია, ძალა სიმართლეშია, ძალა ევროპაშია"- ნათქვამია განცხადებაში.
ძალადობრივმა, პრორუსულმა და ჰომოფობიურმა მცირე ჯგუფებმა პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა კვლავ ჩამოგლიჯეს, დახიეს და ცეცხლი წაუკიდეს.
ამ აქციის მონაწილეებთან მხოლოდ ერთი პოლიციელი იდგა. იმ სვეტთან კი სადაც დროშა ფრიალებდა, ხუთამდე პოლიციელი მოგვიანებით გაჩნდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტთან მოძალადე, პრორუსული ჯგუფების მიერ ევროკავშირის დროშის ჩამოგლეჯაზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.
მოგვიანებით, საკანონმდებლო ორგანოსთან პოლიციელებმა ევროკაშირის დროშა აღმართეს.
პრორუსულმა დაჯგუფებებმა ევროკავშირის დროშა წარსულშიც ჩამოგლიჯეს. 2021 წლის 5 ივლისის მეორე დღეს, ძალადობრივმა ჯგუფებმა პარლამენტის წინ აღმართული დროშა ჩამოხსნეს. 7 ივლისს კი დროშა მაშინდელმა სპიკერმა, კახა კუჭავამ აღმართა.
ამის შემდეგ პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლითაც ევროკავშირის დროშის შებღალვა დასჯადი გახდა.
პარტნიორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების დროშების დაზიანებისთვის მოქალაქე 1000 ლარით დაჯარიმდება. ამავე ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2000 ლარით ან ფიზიკური პირის ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.