logo
ENG



ექსპერტების თქმით, აჭარის ტელევიზიაში სარედაქციო პოლიტიკა შეიცვლება

23 ნოე 201919:14
3 წუთის საკითხავი
 
3elma45kcshzx8u.jpg

დამყარდება თუ არა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელზე სახელისუფლებო კონტროლი? ჟურნალისტიკის მოკლე კურსი ტელევიზიის ახლადარჩეულმა დირექტორმა თანამშრომლებს პირველივე საჯარო გამოსვლისას ჩაუტარა.

აკრიტიკეთ როგორც ძმა და შვილი, არ გააღიზიანოთ რესპონდენტები - ასეთია გიორგი კოხრეიძისთვის მედიის მუშაობის სტანდარტი. კოხრეიძე  მიიჩნევს, რომ ჟურნალისტებმა უნდა ისწავლონ, როგორ არ შევიდნენ კონფლიქტში რესპონდენტთან.

კოხრეიძის პირდაპირ ეთერს მწვავე კრიტიკა მოჰყვა მედია ექსპერტების მხრიდან. მათი თქმით, ახალი დირექტორის ხედვა არის ის, რაც აქვს დღევანდელ ხელისუფლებას - თვინიერი ჟურნალისტიკა და განსხვავებული აზრის ჩახშობა. ამიტომ დარგი სპეციალისტები უკვე ალაპარაკდნენ იმაზე, რომ აჭარის ტელევიზიაში სარედაქციო პოლიტიკა შეიცვლება. 

ჟურნალისტებისთვის დამრიგებლური ინტერვიუს შემდეგ  აჭარის ტელევიზიის თანამშრომლების პოზიცია ისევ უცვლელია. თანამშრომელთა დიდი ნაწილი  კოხრეიძის  საჯარო განცხადებებს ემიჯნება და  ამბობს, რომ   რესპონდენტებთან  ურთიერთობის  ის ფორმა, რომელსაც ინტერვიუში აჭარის ტელევიზიის ახალი დირექტორი სთავაზობს, ჟურნალისტიკა არ არის.  

პირველი არხის სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი წევრი და არხის ახალი მმართველი დირექტორობისთვის ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის შემდეგ იბრძოდა. წინა საბჭოს პირობებში მას პირველ ორ კონკურსზე  მხარდაჭერა საერთოდ არ ჰქონია. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ახლად დაკომპლექტებულმა მრჩეველთა საბჭომ, მეოთხე კონკურსის შედეგად, სამი წლით ვადით, მაუწყებლის დირექტორად გიორგი კოხრეიძე გუშინ აირჩია. მას მხარი "ქართული ოცნების" დეპუტატების მიერ მხარდაჭერილმა მრჩევლებმა დაუჭირეს. ისინი საკუთარ გადაწყვეტილებას არ ნანობენ და მიაჩნიათ რომ გიორგი კოხრეიძე ღირსეული დირექტორი იქნება.


close დახურვა