logo
ENG



ექსპერტი ლექსო ლაშქარავას ცხედრის კვლევაში ჩასართავად გამომძიებლის ნებართვას ელოდება

11 ივლ 202114:09
3 წუთის საკითხავი
 

დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ცხედრის კვლევაში ჩასართავად გამომძიებლის ნებართვას ელოდება.

როგორც გეჯაძემ განაცხადა, ის მისული იყო სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში, თუმცა კვლევები გადაიდო - მისი ჩართვისთვის გამომძიებლის ნებართვა სამხარაულის ბიუროს არ მიუღია.

გეჯაძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე ცხედარს არანაირი სახის კვლევები არ უტარდება.

„მე გამოვცხადდი სამხარაულის დაწესებულებაში, რომ დაგვეწყო კვლევის შესწავლის პროცესი. გადაიდო, რამე თუ, გამომძიებლის ნებართვა სამხარაულს არ ჰქონდა მიღებული. დამირეკა სამხარაულის ექსპერტმა და მითხრა, რომ ელოდება გამომძიებლისგან წერილს ჩემი ჩართულობის თაობაზე. როგორც კი დამირეკავს მათი წარმომადგენელი, ჩავალ და დავიწყებთ კვლევის პროცესს", - ამბობს გეჯაძე ფორმულასთან საუბრისას.

ექსპერტის თქმით, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასადგენად ჩატარდება როგორც სამედიცინო ისტორიის, ისე ოპერატორის შინაგანი ორაგნოების კვლევა.

„შევისწავლი სამედიცინო დოკუმენტაციას - რა დაზიანება ჰქონდა,რა კვლევა ჩაუტარდა, რა დიაგნოზი დაუსვეს. ვნახავთ რა ცვლილებები აქვს, მოხდება შედარებითი ანალიზი და ეს შემდგომი ქმედებების საკითხია. აღებული იქნება შინაგანი ორგანოების ნაჭრები ჰისტოლოგიურ კვლევაზე. ამ ეტაპზე ექსპერტიზა დაადგენს სიკვდილის მიზეზს", - თქვა მან.

TV პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც ძალადობრივმა ჯგუფებმა 5 ივლისს სასტიკად სცემეს, დღეს საკუთარ სახლში დედამ გარდაცვლილი იპოვა. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ლაშქარავას ცხვირიდან სისხლი სდიოდა. კრიმინალისტებმა ცხედარი ექსპერტიზაზე ოჯახის თანხმობის გარეშე გადაიტანეს

მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ მოძრაობა სირცხვილიამ და სხვა აქტივისტებმა 18:00 საათზე, პარლამენტის შენობასთან მთავრობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციას დააანონსეს. აქციების ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ლაშქარავას გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება და, შესაბამისად, პასუხიც ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მოძალადეებმა უნდა აგონ.

 

5 ივლისს, 18:00 საათზე Tbilisi Pride-ის კვირეულის ფარგლებში ღირსების მარში უნდა გამართულიყო. მსვლელობა რუსთაველის მეტროსთან 18:00 საათზე დაიგეგმა. საპატრიარქომ მალევე დააანონსა მარშის საწინააღმდეგო აქცია.

5 ივლისს, დილის 09:00 საათიდან ძალადობრივი ჯგუფები ჯერ ქაშუეთის ტაძრის უკან შეიკრიბნენ, მალევე კი პარლამენტის წინ გადმოინაცვლეს და ოპოზიციონერი აქტივისტების კარვები დაშალეს. მალევე მათ დაიწყეს ადგილზე მოვლენების გასაშუქებლად მისულ ჟურნალისტებზე ფიზიკური ძალადობა. სცემეს, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაუზიანეს აპარატურა და პირადი ნივთები 53 მედიამუშაკს, მათ შორის ფორმულას რამდენიმე გადამღებ ჯგუფს.

შეკრებილ ჯგუფებს ძალადობისკენ მოუწოდებდნენ სასულიერო პირები. "არა ძალადობას კი არა, ვალდებულები ხართ, იძალადოთ სამშობლოსთვის" - ასე მიმართა შეკრებილებს დეკანოზმა სპირიდონმა. 

ძალადობრივმა ჯგუფებმა გადაინაცვლეს მოძრაობა სირცხვილიას და თბილისი პრაიდის ოფისებთან. სირცხვილიას ოფისთან ჩაამსხვრიეს მინები, თბილისი პრაიდის ოფისში შეიჭრნენ და დაარბიეს ის. სცადეს გაეროს ოფისში შეჭრაც. 

მთელი დღის განმავლობაში ადგილზე მობილიზებული იყო მცირე რაოდენობით პოლიციელი. ამაზე შს მინისტრმა განაცხადა, რომ იმდენი სამართალდამცველი იქნა მობილიზებული, "რისი საშუალებაც იყო". 

5 ივლისს, მაშინ, როცა ჟურნალისტებზე უკვე ძალადობდნენ, პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ვითარების შესაძლო გართულებაზე პასუხისმგებლობა დააკისრა არა ძალადობრივი აქციის წევრებს, არამედ ღირსების მარშის ორგანიზატორებს და მოუწოდა მათ, არ ჩაეტარებინათ მსვლელობა რუსთაველის გამზირზე. ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ დაგეგმილი "ღირსების მარში" მისთვის "მიზანშეუწონელი" და საფრთხის შემცველია. მისივე თქმით, ღირსების მარშის მიღმა ოპოზიცია დგას. 

ღირსების მარში გაუქმდა, თუმცა, რუსთაველის გამზირზე ძალადობა კიდევ რამდენიმე საათს გაგრძელდა. 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მედიის დაცვის მექანიზმად ჟურნალისტების გადაღების მოედნიდან გაყვანა გამოიყენა. 

5 ივლისს განვითარებული მოვლენების გასაპროტესტებლად 6 ივლისს დაიგეგმა აქცია სოლიდარობისთვის.  თუმცა პრორუსულმა ჯგუფებმა ამ აქციაზეც იძალადეს. მათ აქციის მონაწილეებს ქვები, კვერცხები და წყლის ბოთლები ესროლეს. 

 


close დახურვა