იმერეთის გუბერნატორის განცხადებით, ვანის საკარანტინო სივრცედ გამოცხადება არ იგეგმება.
ქალაქის შესასვლელში საკონტროლო გამშვები პუნქტებია მოწყობილი და ყველა შემსვლელ და გამომსვლელ ავტომობილს ამოწმებენ. ადგილზე ასევე ხდება მოქალაქეთა პირველადი თერმოსკრინინგი.
გამკაცრებული კონტროლის გამო, ქალაქის შესასვლელში ავტომობილების გრძელი რიგი დადგა. მძღოლებს ვანში შესასვლელად მოცდა უწევთ, რის გამოც მათი ნაწილი უკმაყოფილოა. როგორც ისინი "ფორმულასთან" საუბარში აცხადებენ, მათ შემოწმების გავლა 2-ჯერ უწევთ. პარალელურად ვანის კლასტერის კონტაქტების დადგენა მიმდინარეობს.
ცნობილი ხდება, რომ ქალი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, 27 მარტს კლინიკაში ყელის ტკივილის სიმპტომებით ლარინგოლოგთან იმყოფებოდა. ამ ეტაპზე ექიმი იზოლაციაში იმყოფება.
"ეს ქალბატონი ახლა კი არ ყოფილა სამკურნალოდ. ის იყო ჩვენთან 27 მარტს ლარინგოლოგთან. ის ლარინგოლოგი უკვე 2 კვირაა იზოლაციაშია გადასული. ასევე იზოლაციაშია ექთანიც", - აცხადებენ კლინიკაში.
გარდა ამისა, ვანის საკონტროლო პუნქტთან ამოქმედდა საშვების სიტემა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ვინც დღეში 1 თერმოსკრინინგს გაივლის, რიგში დგომა არ მოუწევს.
შეგახსენებთ, რომ ვანის შესაძლო იზოლაციის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამაც გააკეთა. პრემიერის თქმით, შეიძლება, მთავრობამ ზომების გამკაცრების გადაწყვეტილება ქვეყნის მასშტაბით მიიღოს, თუმცა არა ცალკეულ რეგიონებში.