ვარკეთილში პროტესტი გრძელდება - ხანძრით დაზარალებული მოვაჭრეები ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით დამწვარ ბაზრობასთან დღესაც შეიკრიბნენ და თბილისის მერთან შეხვედრას ითხოვდნენ. მათთვის მიუღებელია ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებული დახმარება, კვადრატულ მეტრზე 500 ლარის ოდენობით.
ზარალის ანაზღაურების გარდა, მოვაჭრეთა მოთხოვნას დაემატა იურიდიული ხელშეკრულების დადება, რომ მათი ტერიტორიიდან გაყვანა გაფრთხილებისა და ადმინისტრაციისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების გარეშე არ მოხდეს.
მოვაჭრეთა ხმაურიანი მოთხოვნის შემდეგ, დღის მეორე ნახევარში ადგილზე თბილისის მერის მოადგილე მივიდა. ილია ელოშვილის თქმით, უკვე შედგენილია დაზარალებულთა სიები და დედაქალაქის მთავრობა, მათ დახმარებაზე ინდივიდუალურად იმსჯელებს.
ბაზრის ადმინისტრაციის წარმომადგენლები დღეს მეწილეების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურნენ. ერთ-ერთი ვერსიით, ბაზრის დაწვა სწორედ მეწილეებს შორის დავას უკავშირდებოდა.
ვარკეთილის ბაზრის ტერიტორიაზე მოვაჭრეები ხვალ დილითაც შეიკრიბებიან - ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ხვალიდან მათ ბაზარში ეტაპობრივად შეუშვებენ და გადარჩენილი პროდუქციის გამოტანის საშუალებას მისცემენ.