ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი აცხადებს, რომ საქართველომ უნდა დააკმაყოფილოს კონკრეტული სტანდარტები, რისთვისაც საჭიროა შესაბამისი რეფორმების გატარება.
როგორც მან ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართული დებატების დროს განაცხადა, ქართველი ხალხის უმრავლესობის სურვილია ევროკავშირის წევრობა და მნიშვნელოვანია, მთავრობამ გადადგას ქმედითი ნაბიჯები ამ გზაზე.
"ქვეყნის მასშტაბით, ქალები და კაცები გამოვიდნენ ქუჩებში და აფრიალებდნენ ევროკავშირის დროშას იმისთვის, რომ ეჩვენებინათ საქართველოს მისწრაფება ევროკავშირისაკენ. ამ დემონსტრაციების შემდეგ, მმართველმა პარტიამ გამოაცხადა, რომ გამოითხოვდა კანონს, რომლის ხმის მიცემაც შემდეგ დღეს წარიმართა, ეს ნამდვილად პოზიტიური ნიშანია და ძვირფასო წევრებო, მინდა გითხრათ, რომ ქართველებს აქვთ მომავალი ევროკავშირში. ევროპული პერსპექტივა, რომელიც მიენიჭა ქვეყანას, განსაზღვრავს ურთიერთობას ევროკავშირსა და საქართველოს შორის და ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში თანამშრომლობა უფრო მჭიდროდ მიმდინარეობს. საქართველომ აუცილებლად უნდა დააკმაყოფილოს კონკრეტული სტანდარტები, რისთვისაც საჭიროა შესაბამისი რეფორმების გატარება. აუცილებელია, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, ევროკავშირის დახმარებით. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა გამოხატავს საკუთარ სურვილს, იქცეს ევროკავშირის წევრად და ახლა უკვე დროა, ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას. გადაიდგა არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი რეფორმის პროცესში და ახლა აუცილებელია მათზე მუშაობა, რაც სახელმწიფო ინსტიტუტებს გააძლიერებს, დაახლოების ევროკავშირის სტანდარტებთან, რაც ადამიანის უფლებების მიმართულებით უმთავრესი პრიორიტეტია", - თქვა მან. [სინქრონული თარგმანი]
მან ასევე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ "საქართველოს მთავრობის ვალდებულებაა, სრულად იყოს გარანტირებული სააკაშვილის, როგორც პატიმრისა და ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის უფლებები".
"პარლამენტმა გასულ წელს მიიღო რეზოლუცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ. ჩვენ გვქონდა იუსტიციის მინისტრთან შეხვედრა და ჩვენი შეტყობინება იყო ცალსახა - საქართველოს მთავრობის ვალდებულებაა, რომ სრულად იყოს გარანტირებული სააკაშვილის უფლებების დაცვა, როგორც პატიმრობაში მყოფი ადამიანისა, ისევე როგორც ყოფილი პრეზიდენტისა და ევროკავშირი მზად არის, ჩაერთოს სხვადასხვა ძალისხმევაში, რაც უზრუნველყოფს ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობას. ევროკავშირი, რა თქმა უნდა, მჭიდროდ თანამშრომლობს მთელი ამ პროცესში ქართველებთან, ქართველ ხალხთან და ეს არის მნიშვნელოვანი წერტილი მთელი ქვეყნისთვის, გაერთიანდნენ საერთო მიზნის გარშემო, რაც გულისხმობს ევროკავშირის წევრად ქცევას, ევროპულ ღირებულებებს", - თქვა ვარჰეიმ. [სინქრონული თარგმანი]