logo
ENG



ვაშაძე: შეიძლება ისეთი სცენარიც ვნახოთ, რომ პუტინს დასახმარებლად ივანიშვილმა მიმართოს

17 აგვ 202021:54
3 წუთის საკითხავი
 

"როგორც ლუკაშენკომ მიმართა პუტინს დასახმარებლად, შეიძლება ისეთი სცენარიც ვნახოთ, რომ ბიძინა ივანიშვილმაც მიმართოს", - ამის შესახებ სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გადაცემაში "კომენტარი" განაცხადა.

ვაშაძემ ბელარუსში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ამ საკითხზე მკაფიო პოზიციის დაფიქსირებას არ უნდა ველოდოთ.

„ხელისუფლებას, რომელსაც გამოცლილი აქვს ყოველგვარი ფუნდამენტი სამართლებრივი, ლეგიტიმური, რომ იყოს ხელისუფლებაში მას ეშინია ხალხის ძალის. აქედან გამომდინარე, ის ვერასდროს ვერ იქნება ვერცერთ ქვეყანაში ხალხის მხარეს. აქედან გამომდინარე, ხელისუფლებისგან, რომელმაც თვალები დათხარა აქციის მონაწილეებს და ამბობს, რომ ეს სწორი გააკეთა და მაგრად მოიქცა, რას უნდა ველოდოთ? გახარია არის თვალთხარია, ადამიანი რომელმაც თვალები დათხარა მშვიდობიან აქციის მონაწილეებს. თვითონ ეშინია იგივე რაღაცის და როგორ იქნება მკვეთრი და მკაფიო. როგორც ლუკაშენკომ მიმართა პუტინს დასახმარებლად, შეიძლება ისეთი სცენარიც ვნახოთ, რომ პუტინს დასახმარებლად ბიძინა ივანიშვილმა მიმართოს. ვწუხვარ, მაგრამ ამ რეალობის წინაშე ვართ“, - განაცხადა ვაშაძემ. 

შეგახსენებთ, რომ 9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. მასში ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკოც მონაწილეობდა. აღსანშნავია, რომ ეს ლუკაშენკოს რიგით მე-6 საპრეზიდენტო არჩევნებია. მისი მთავარი ოპონენტი სვეტლანა ტიხანოვსკაია იყო. 

ცესკოს პირველადი მონაცემებით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა არჩევნებზე 80.23% მოიპოვა. ლუკაშენკოს მთავარმა ოპონენტმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ 10%-ს მოპოვება შეძლო. 

ეგზიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ, მოსახლეობა გარეთ გამოვიდა. ისინი პირველად შედეგებს აპროტესტებდნენ. ანტისამთავრობო აქციაზე მომიტინგეებს სპეცრაზმი დაუპირისპირდა, რა დროსაც ათობით ადამიანი დაშავდა. მას შემდეგ ბელარუსში ლუკაშენკოს საწინააღმდეგო აქციები არ წყდება. მომიტინგეები ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბებულია და ლუკაშენკოს გადადგომას ითხოვენ. სულ ანტისამთავრობო აქციებზე 2 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 7 ათასი ადამიანი დააკავეს. 

16 აგვისტოს, მინსკში მასშტაბური თავისუფლების მარში გაიმართა, რომელშიც 200 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა. 

თავის მხრივ ევროკავშირი და დასავლეთი ბელარუს ხალხს მხარს უჭერს და სანქციების დაწესებას განიხილავს. ევროკავშირმა სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა და ე.წ. შავი სია, აგვისტოს ბოლოს შემუშავდება. 


close დახურვა