სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ნაციონალური მოძრაობის მიერ 9 აპრილს დაანონსებული აქციის მთავარი მოთხოვნა ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლება უნდა იყოს. ამის შესახებ მან ფორმულას ეთერში ისაუბრა.
"კვირას, 9 აპრილს არის დიდი აქცია დაანონსებული და ამ აქციის ორგანიზატორებს მინდა მივმართო, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ჩემი აზრით, ამ ვითარებაში, რომ ამ აქციის მთავარი მოთხოვნა იყოს ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლება. ჩვენ გვაქვს სხვა მოთხოვნებით, რა თქმა უნდა, ნაციონალურ მოძრაობასაც აქვს თავისი მოთხოვნები, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, ბევრნი შევიკრიბოთ და იმისთვის, რომ ბევრნი შევიკრიბოთ, მოთხოვნა უნდა იყოს საერთო, რომელიც იქნება მისაღები ყველას ფენისთვის.
გვექნება [კონსულტაცია ენმ-სთან], ჩვენ გვქონდა სამეულში ეს კონსულტაცია და აუცილებლად დავუკავშირდებით მათ ამ საკითხზე, მე ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია - 9 აპრილის აქცია, თუ მოვახერხეთ, ტრანსფორმირდეს, მთავარი მოთხოვნა ამ აქციის ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლება", - აცხადებს ვაშაძე.
9 აპრილს 17:00 საათზე რუსთაველის გამზირზე აქცია გაიმართება. ეს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა 14 მარტს ბრიფინგზე დააანონსა და ქართულ ოცნებას 12 რეკომენდაციის შესასრულებლად 9 აპრილამდე დრო მისცა.
***
31 მარტს სასამართლომ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის 29 მარტს დააკავეს - შსს-ს მტკიცებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.
აქტივისტის წინააღმდეგ ხელისუფლებამ სიძულვილის კამპანია დაიწყო. უკვე ორჯერ ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ "ორიენტაციაარეული" უწოდა.
ადვოკატმა ლიკა ბითაძემ პენიტენციურ დაწესებულებაში ლაზარე გრიგორიადისის მონახულების შემდეგ თქვა, რომ დაკავებისას აქტივისტის უფლებები დაირღვა. ბითაძის თქმით, გრიგორიადისს თავდაპირველად არ მისცეს ადვოკატთან შეხვედრის საშუალება და თმა მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაპარსეს. პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს.