logo
ENG



ვენესუელას ოპოზიცია ამბობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების მტკიცებულება აქვს

30 ივლ 202414:54
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/30/f4q693vt672tljo.jpg

ვენესუელაში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ, რომელშიც ნიკოლას მადურომ გაიმარჯვაქვეყნის ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ არჩევნების გაყალბების მტკიცებულება აქვთ.

ოპოზიციის კანდიდატმა, ედმუნდო გონსალესმა და ოპოზიციური ერთიანი დემოკრატიული პლატფორმის ლიდერმა მარია კორინა მაჩადომ, რომელსაც სასამართლომ პრეზიდენტად კენჭისყრის უფლება არ მისცა, ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ საარჩევნო ოქმების 73%-ის ასლები აქვთ და ამ შედეგებით, ედმუნდო გონსალესს 6,27 მილიონი, ხოლო ნიკოლას მადუროს 2,75 მილიონი ხმა აქვს.

"მე სრული სიმშვიდით გელაპარაკებით. ჩვენ ხელთ გვაქვს ფურცლები, რომლებიც ჩვენს კატეგორიულ და მათემატიკურად შეუქცევად გამარჯვებას ამტკიცებს", - მიმართა გონსალესმა დედაქალაქ კარაკასში შეკრებილ მოსახლეობას.

თავის მხრივ, მადურომ ოპოზიციის განცხადებებსა  და ხალხის პროტესტს ფაშისტური და კონტრრევოლუციური ხასიათის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა უწოდა.

"ვენ ყოველთვის მსხვერპლნი ვიყავით. ეს ფილმი უკვე ნანახი გვაქვს და არანაირ სისუსტეს არ გამოვაჩენთ", - განაცხადა მან.

ვენესუელაში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აქტიურად აპროტესტებენ. ვენესუელის დედაქალაქ კარაკასისა და სხვა ქალაქების ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა.

BBC-ის ინფორმაციით, კარაკასში დემონსტრანტები პროტესტს ჯერ ქვაბების და ტაფების ბრახუნით გამოხატავდნენ, მოგვიანებით კი, როცა პრეზიდენტის სასახლისკენ დაიძრნენ, ვითარება დაიძაბა.

ზოგიერთ ქუჩაზე ავტომობილები, საბურავები და ნაგვის ურნები დაწვეს. პოლიციელებმა და სამხედროებმა, რომლებმაც პრეზიდენტის სასახლისკენ მიმავალი ქუჩები გადაკეტეს, აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ რეზინის ტყვიები და ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს, დემონსტრანტებმა კი საპასუხოდ ქვები და აალებადი სითხის შემცველი ბოთლები დაუშინეს.

ვენესუელის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ გაიმარჯვა, რომელიც ხელისუფლებაში 2013 წლიდანაა. 

ვენესუელას ეროვნული საარჩევნო საბჭოს ხელმძღვანელის, ელვის ამოროსოს თქმით, რომელიც მადუროს ახლო მოკავშირეცაა, ბიულეტენების 80%-ის დათვლის შემდეგ, ხმათა 51.2% მადურომ, ხოლო 44.02% მისმა მეტოქემ, ედმუნდო გონზალეზმა მოიპოვა. 

მადურო ვენესუელას პრეზიდენტის პოსტს 2013 წლიდან იკავებს. მან უკვე მესამე ვადით იყარა კენჭი. ვენესუელას ერთიანი სოციალისტური პარტია (PSUV) უკვე 25 წელია, ქვეყნის მმართველი პარტიაა. 1998 წლიდან 2013 წლამდე პარტიის ლიდერი და ქვეყნის პრეზიდენტი უგო ჩავესი იყო.

 

 


close დახურვა