logo
ENG



ვივამედთან სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

03 ივნ 202314:00
3 წუთის საკითხავი
 

კლინიკა ვივამედთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება - იქ მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით ნაციონალური მოძრაობის წევრები და მისი მხარდამჭერები არიან შეკრებილები.

"მიხეილ სააკაშვილს ციხეში ამყოფებენ მხოლოდ იმის გამო, რომ ადამიანმა შეძლო და შეებრძოლა რუსულ ბოროტების იმპერიას, ციხეში ამყოფებენ იმიტომ, რომ არ გაიქცა ამ ქვეყნიდან, არ დატოვა სრულიად საქართველო რუსებთან პირისპირ და არ ააფრიალებინა რუსებს რუსული დროშა.

ის ციხეში ჰყავთ იმიტომ, რომ პირველი იყო ეს ადამიანი, ვინც გამოვიდა, პარლამენტის წინ აღმართა ევროკავშირის დროშა და თქვა - "საქართველო არასდროს იქნება რუსეთი, საქართველო იყო, არის და იქნება ევროპა", - თქვა პარტიის წევრმა ირაკლი ნადირაძემ სიტყვით გამოსვლის დროს.

ამასთან, როგორც ენმ-ის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ფორმულასთან განაცხადა, რამდენიმე თვეა პარლამენტის წევრებს ნაციონალური მოძრაობიდან მიხეილ სააკაშვილთან შესვლის უფლებას არ აძლევენ.

სახალხო დამცველის კონსილიუმის თებერვლის დასკვნაში აღნიშნულია, რომ მიხეილ სააკაშვილი კიდევ 5-7 კილოგრამის დაკლების შემთხვევაში, საწოლზე მიჯაჭვული გახდება. დასკვნის თანახმად, მისთვის კრიტიკულ წონას წარმოადგენს 52-53 კილოგრამი, რის შემდეგადაც დაიწყება ორგანიზმის შეუქცევადი ცვლილებები. 

კონსილიუმის შეფასებით, სააკაშვილს აქვს სარკოპენია, კუნთების განლევა, კახექსიის მძიმე მე-4 სტადია, ასევე, ორთოსტატიული წნევის კრიტიკული ვარდნა კოორდინაციის მოშლით.

მე-4 ხარისხის კახექსიით მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ომბუდსმენის კონსილიუმის წინა დასკვნაშიც არის შეფასებული და აღნიშნულია, რომ ის სხვა ქვეყნის მრავალპროფილურ კლინიკაშია გადასაყვანი. 

სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანას ოჯახის წევრებთან, ადვოკატებთან და ექიმებთან ერთად საერთაშორისო პარტნიორებიც ითხოვენ. ამის შესახებ საუბარი იყო ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც, სადაც დეპუტატებმა საქართველოს ხელისუფლებას ამ ნაბიჯის გადადგმისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს და აღნიშნეს, რომ მისდამი მოპყრობა იქნება ლაკმუსის ტესტი საქართველოს ხელისუფლებისთვის, მათ შორის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. ევროპარლამენტარებმა მიმართეს საქართველოს პრეზიდენტსაც, რომ გამოიყენოს თავისი კონსტიტუციური უფლება მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მიზნით.


close დახურვა