მცხეთის რაიონულ სასამართლოში შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების პროცესზე ერთ-ერთი არასრულწლოვნის, ზ-ხ-ს, მამა სასამართლო დარბაზიდან გამოაძევეს. როგორც თავად ამბობს, ამის მიზეზი მოსამართლისთვის მიცემული შენიშვნა გახდა.
ზ.ხ-ს მამის თქმით, მოსამართლე სასამართლო სხდომის მიმდინარეობას ადვოკატებს ყურადღებას არ აქცევდა და ტელეფონში იყურებოდა.
„ქალბატონო, ზრდილობის გულისთვის მაინც მოუსმინეთ ადვოკატებს-მეთქი და მაგისთვის გამომაძევეს დარბაზიდან. არ უსმენს არავის, ადვოკატი ლაპარაკობს და ის Facebook-ში ემესიჯება ვიღაცებს“, - განაცხადა არასრულწლოვანი ზ.ხ-ს მამამ.
მოსამართლემ დღეს მტკიცებულებების დასაშვებობის შესახებ უნდა იმსჯელოს.
19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, შსს-მ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, 26 ივნისს 17 ადამიანი დააკავა. მოგვიანებით პროკურატურამ ვიდეომასალა გაავრცელა, რომელშიც ფეხბურთელის სიცოცხლის ბოლო საათები და საბედისწერო ღამეს მომხდარი რამდენიმე ინციდენტია ასახული.
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 17-ვე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
შეგახსენებთ, 19 ივნისს, საღამოს, კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.
სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურმა და მყვინთავებმა შეტყობინებისთანავე სამძებრო სამუშაოები დაიწყეს. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა.
4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.
ვრცლად გიორგი შაქარაშვილის საქმესა და გაჩენილ კითხვებზე წაიკითხეთ აქ.