საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ბრიფინგზე ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ ღრმაწყლოვანი პორტი აუცილებლად აშენდება.
ზალკალიანის თქმით, პორტის აშენებასთან დაკავშირებით არაერთხელ განაცხადეს ქვეყნის უმაღლესმა თანამდებობის პირებმა.
„ანაკლია მნიშვნელოვანია და ანაკლია სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტია ჩვენთვის. ეს იციან ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა. ეს პოზიცია არაერთხელ იყო გაჟღერებული უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან. იცით თქვენ, რომ ახალი ტენდერი გამოცხადდება ამასთან დაკავშირებით. ჩვენი მთავარი საგარეო სტრატეგიის დოკუმენტშია ანაკლიის პორტის აშენება შეტანილი, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი. დარწმუნებული ვარ აუცილებლად შესრულდება“, - განაცხადა ზალკალიანმა.
შეგახსენებთ, რომ მთავრობა ანაკლიის კონსორციუმთან ხელშეკრულება გაწყვიტა. გადაწყვეტილების მიღების მთავარ მიზეზად მაია ცქიტიშვილმა კონსორციუმის მიერ არებული ვალდებულებების შეუსრულებლობა დაასახელა.
ამასთნ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც კონსორციუმი მზადაა საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით მოიზიდოს დამატებითი ინვესტიციები და გააგრძელოს სამუშაოები.
მიუხედავად გაწყვეტილი ხელშეკრულებისა, მთავრობის წევრები აცხადებენ, რომ ანაკლიის პორტი აუცილებლად აშენდება, მაგრამ კონსორციუმს აღარ ენდობიან.
ამავდროულად, ევროპაში შეერთებული შტატების სამხედრო ძალების ყოფილი მთავარსარდალი გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი ამბობს, რომ კრემლს გავლენა აქვს „ქართულ ოცნებაზე“ და ანაკლიის პროექტის გაჩერების მიზეზიც სწორედ ეს არის.
"არაერთხელ ითქვა, რომ ანაკლია ევროკავშირისთვის სტრატეგიული პროექტია,"- ასე აფასებს ევროკავშირის ელჩი საქართველოში ანაკლიის პროექტის მნიშვნელობას.