logo
ENG



ზარქუა ლექსო ლაშქარავაზე: ყველა მხარე ვართ დამნაშავე, ერიც და ბერიც!

11 ივლ 202115:17
3 წუთის საკითხავი
 
ზარქუა ლექსო ლაშქარავაზე: ყველა მხარე ვართ დამნაშავე, ერიც და ბერიც!
ვახო ქარელი/ფორმულა

ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი ზარქუა 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების მიერ სასტიკად ნაცემი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას ეხმაურება და ამბობს, რომ იმაში, რაც ბოლო დღეების განმავლობაში დედაქალაქში ხდებოდა, "ყველა მხარე დამნაშავეა".

როგორც ზარქუა Facebook-ზე წერს, მომხდარს სახელმწიფოს მხრიდან "სათანადო რეაგირება მოჰყვება".

"უბედურება იყო რაც ამ დღეებში თბილისში ხდებოდა!.. და ამაში ყველა მხარე ვართ დამნაშავე - ერიც და ბერიც! დღეს კი, კიდევ უფრო უარესი ტრაგედიით დასრულდა - ახალგაზრდა ჟურნალისტის გარდაცვალებით… ვუსამძიმრებ ლაშქარავების ოჯახს, მათ ახლობლებს და ტვ-პირველს! ასეთი ტრაგედიები არ უნდა ხდებოდეს ჩვენს ქვეყანაში! რამდენადაც ვიცი, ოჯახის ინიციატივით დამოუკიდებელი ექსპერტიც ჩაერთო და შესაბამის დასკვნებიც დაიდება კიდეც და სათანადო რეაგირებაც მოჰყვება სახელმწიფოს მხრიდან.. თუმცა მის სიცოცხლეს ეს მაინც ვერ დააბრუნებს. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ოჯახს და ახლობლებს!", - წერს ზარქუა.

TV პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც ძალადობრივმა ჯგუფებმა 5 ივლისს სასტიკად სცემეს, დღეს საკუთარ სახლში დედამ გარდაცვლილი იპოვა. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ლაშქარავას ცხვირიდან სისხლი სდიოდა. კრიმინალისტებმა ცხედარი ექსპერტიზაზე ოჯახის თანხმობის გარეშე გადაიტანეს

მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ მოძრაობა სირცხვილიამ და სხვა აქტივისტებმა 18:00 საათზე, პარლამენტის შენობასთან მთავრობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციას დააანონსეს. აქციების ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ლაშქარავას გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება და, შესაბამისად, პასუხიც ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მოძალადეებმა უნდა აგონ.

პრერმინისტრის და შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება მოითხოვა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამაც. 

***

5 ივლისს, 18:00 საათზე Tbilisi Pride-ის კვირეულის ფარგლებში ღირსების მარში უნდა გამართულიყო. მსვლელობა რუსთაველის მეტროსთან 18:00 საათზე დაიგეგმა. საპატრიარქომ მალევე დააანონსა მარშის საწინააღმდეგო აქცია.

5 ივლისს, დილის 09:00 საათიდან ძალადობრივი ჯგუფები ჯერ ქაშუეთის ტაძრის უკან შეიკრიბნენ, მალევე კი პარლამენტის წინ გადმოინაცვლეს და ოპოზიციონერი აქტივისტების კარვები დაშალეს. მალევე მათ დაიწყეს ადგილზე მოვლენების გასაშუქებლად მისულ ჟურნალისტებზე ფიზიკური ძალადობა. სცემეს, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაუზიანეს აპარატურა და პირადი ნივთები 53 მედიამუშაკს, მათ შორის ფორმულას რამდენიმე გადამღებ ჯგუფს.

შეკრებილ ჯგუფებს ძალადობისკენ მოუწოდებდნენ სასულიერო პირები. "არა ძალადობას კი არა, ვალდებულები ხართ, იძალადოთ სამშობლოსთვის" - ასე მიმართა შეკრებილებს დეკანოზმა სპირიდონმა. 

ძალადობრივმა ჯგუფებმა გადაინაცვლეს მოძრაობა სირცხვილიას და თბილისი პრაიდის ოფისებთან. სირცხვილიას ოფისთან ჩაამსხვრიეს მინები, თბილისი პრაიდის ოფისში შეიჭრნენ და დაარბიეს ის. სცადეს გაეროს ოფისში შეჭრაც. 

მთელი დღის განმავლობაში ადგილზე მობილიზებული იყო მცირე რაოდენობით პოლიციელი. ამაზე შს მინისტრმა განაცხადა, რომ იმდენი სამართალდამცველი იქნა მობილიზებული, "რისი საშუალებაც იყო". 

5 ივლისს, მაშინ, როცა ჟურნალისტებზე უკვე ძალადობდნენ, პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ვითარების შესაძლო გართულებაზე პასუხისმგებლობა დააკისრა არა ძალადობრივი აქციის წევრებს, არამედ ღირსების მარშის ორგანიზატორებს და მოუწოდა მათ, არ ჩაეტარებინათ მსვლელობა რუსთაველის გამზირზე. ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ დაგეგმილი "ღირსების მარში" მისთვის "მიზანშეუწონელი" და საფრთხის შემცველია. მისივე თქმით, ღირსების მარშის მიღმა ოპოზიცია დგას.

ღირსების მარში გაუქმდა, თუმცა, რუსთაველის გამზირზე ძალადობა კიდევ რამდენიმე საათს გაგრძელდა. 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მედიის დაცვის მექანიზმად ჟურნალისტების გადაღების მოედნიდან გაყვანა გამოიყენა. 

5 ივლისს განვითარებული მოვლენების გასაპროტესტებლად 6 ივლისს დაიგეგმა აქცია სოლიდარობისთვის.  თუმცა პრორუსულმა ჯგუფებმა ამ აქციაზეც იძალადეს. მათ აქციის მონაწილეებს ქვები, კვერცხები და წყლის ბოთლები ესროლეს. 

იმავე დღეს პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა. მოგვიანებით დააკავეს 5 ივლისის ძალადობაში მონაწილეებიც, თუმცა, არა ყველა მათგანი. 


close დახურვა