უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, ჰამასის თავდასხმას ისრაელში უკრაინის 2 მოქალაქე ემსხვერპლა. ამის შესახებ მან ყოველდღიური ვიდეომიმართვისას განაცხადა.
"სამწუხაროდ, [ისრაელში] უკრაინის 2 მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი დადასტურდა. სამძიმარს ვუცხადებ მათ ოჯახებს. უკრაინის საელჩო ისრაელში ჩვენს დიპლომატებთან ერთად უწყვეტ რეჟიმში მუშაობს, რომ დავეხმაროთ ჩვენს ხალხს. დადგინდა ისრაელის სამხრეთით 5 უკრაინელის ადგილსამყოფელი. კიდევ ერთხელ მივმართავთ ჩვენს მოქალაქეებს, გთხოვთ, იყავით ყურადღებით და მიჰყევით ადგილობრივი თავდაცვის ძალების ინსტრუქციებს", - ამბობს ზელენსკი.
7 ოქტომბერს ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.
გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.
ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.
ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.
ჰამასის თავდასხმის შედეგად ისრაელში დაღუპულთა რიცხვმა 700-ს გადააჭარბა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, დაშავებულთა რიცხვი ამ დროისთვის 2 200-ს აღემატება.