უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, იგორ ჟოვკვას განცხადებით, ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის კითხვარის შევსება დაასრულა.
როგორც ჟოვკვამ აღნიშნა, პრეზიდენტმა ზელენსკიმ 8 არილს ევროკომისიის ხელმძღვანელისთვის ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის მიცემული პირობა, რომ უკრაინა კითხვას 1 კვირაში შეავსებს, შეასრულა.
"შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირობა შესრულებულია, გავიდა 1 კვირა და კითხვარი უკრაინული მხარის მიერ არის შევსებული. ახლა ბურთი ევროკომისიის მოედანზე იქნება, ის მოამზადებს შესაბამის რეკომენდაციებს, ასრულებს თუ არა უკრაინა წევრობისთვის საჭირო კრიტერიუმებს. ასეთი რეკომენდაციის გარეშე ევროკავშირში არავინ მიგვიღებს. ჩვენ ველით, რომ ამ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც ევროკომისიას მივაწოდეთ, რეკომენდაცია იქნება დადებითი, შემდეგ ბურთი ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოედანზე გადავა", - განაცხადა მან.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის თქმით, უკრაინა ელის, რომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ევროპული საბჭოს სხდომაზე, ივნისში მიიღებს.
"ამის შემდეგ უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე. როცა ასეთ მოლაპარაკებებს ჩავატარებთ, შემდეგ უკვე შეგვიძლია ვისაუბროთ ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე", - თქვა ჟოვკვამ.
8 აპრილს უკრაინაში ჩასულმა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა პრეზიდენტ ზელენსკის ევროკავშირის წევრობის კითხვარი გადასცა. ლაიენის განცხადებით, ამ ნაბიჯით უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის სტატუსის მინიჭების პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდა.
რამდენიმე დღეში კითხვარი მიიღეს საქართველომ და მოლდოვამაც. 11 აპრილს ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების კითხვარი გადასცა. საქართველომ კითხვარი 1 თვეში უნდა შეავსოს.