logo
ENG



ზურაბ ჯაფარიძე ადასტურებს, რომ მასზე თავდამსხმელი დაკავებულია

17 ივნ 202321:24
3 წუთის საკითხავი
 
ზურაბ ჯაფარიძე ადასტურებს, რომ მასზე თავდამსხმელი დაკავებულია
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

პარტია გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ადასტურებს, რომ მასზე თავდამსხმელი სოსო მაისურაძე დაკავებულია.

ჯაფარიძე თავდამსხმელის ამოსაცნობად შსს-ს გორის რაიონულ სამმართველოში იმყოფებოდა. სამმართველოს დატოვების შემდეგ მან ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ სოსო მაისურაძე ამოიცნო.

შსს-ს ცნობით, ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

რაც შეეხება ბორჯომში ძალადობრივი ჯგუფების მიერ სასტუმროზე თავდასხმას, შსს-ს ცნობით, გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. 

ფორმულას წყაროს ინფორმაციით, ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმა სუს-ის შიდა ქართლის სამმართველოში დაიგეგმა.

წყაროს მოწოდებული ინფორმაციით, სუს-ის მონაწილეობით შექმნილი სცენარის მიხედვით, შეირჩა პარტია გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერზე თავდამსხმელი, რომელიც მომხდარზე პასუხისმგებლობას აიღებდა, თავდასხმას რელიგიისა და პატრიარქის დაცვის მოტივით გაამართლებდა, შემდეგ კი პოლიციას ჩაბარდებოდა.

დღეს გორის სმარტთან გირჩი - მეტი თავისუფლებას ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს თავს დაესხნენ - ჯაფარიძეს დაზიანება თვალის არეში აქვს მიყენებული.

პარალელურად, ბორჯომის სასტუმროში, სადაც პარტიის ბანაკი მიმდინარეობდა, ძალადობრივი ჯგუფის წევრები შეიკრიბნენ - გავრცელებულ ვიდეო კადრების მიხედვით, ისინი ადგილზე მყოფებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდნენ და მათ მიმართ აგრესიულად იყვნენ განწყობილნი, მობილიზებულმა ჯგუფის წევრებმა სასტუმროს ქვებიც დაუშინეს. აღსანიშნავია, რომ სასტუმროში გირჩი - მეტი თავისუფლების წარმომადგენლების და ლექციისთვის შეკრებილი ახალგაზრდების გარდა, სხვა დამსვენებლებიც იმყოფებიდნენ.

ქართული ოცნების ყოფილმა წევრმა ვატო შაქარიშვილმა ინციდენტის შესახებ პოსტი თავდასხმიდან მალევე დაწერა და მომხდარს პირველი, დეტალურად გამოეხმაურა. შაქარაშვილი ხელისუფლების სატელიტი ერთ-ერთი ძალადობრივი ჯგუფის ლიდერია. მისმა სწრაფმა გამოხმაურებამ და თავდასხმის ადგილზე გამოჩენამ, "გირჩელები" დაარწმუნა, რომ ადევნება თბილისიდანვე იყო დაორგანიზებული.


close დახურვა