საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციის ნაწილს შორის გაფორმებული შეთანხმების შესრულების პროცესს აკვირდება, თუმცა დოკუმენტის ავტორის, შარლ მიშელისგან კრიტიკა არ გაუგია.
როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, მოსამართლეების დანიშვნის საკითხზე "ტერმინებით თამაში მიდის", რომელსაც არ ეთანხმება.
მისი განმარტებით, დოკუმენტში მოსამართლეების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით სიტყვა "პაუზა" წერია და არა "შეჩერება".
"მე ჯერ შარლ მიშელისგან კრიტიკა არ გამიგია. თვითონ ვთვლი, რომ რაღაც ფორმით ვარ პასუხისმგებელი, ამიტომ ვაკვირდები ამ პროცესს. რაღაც ტერმინების თამაში მიდის, რასაც არ ვეთანხმები. დოკუმენტში წერია პაუზა და არა შეჩერება, ეს ორი სხვადასხვა რამეა. მე ვიცი რამდენად არის ჩვენი სასამართლო გადატვირთული, ამიტომ შეჩერება არ მიმაჩნია სწორედ. ამაზე მქონდა ამერიკის ელჩთანაც საუბარი", - თქვა ზურაბიშვილმა.
რაც შეეხება პარტია ლელოს ინიციატივას, რომ თუ ქართული ოცნება მოსამართლეების დანიშვნის პროცესს არ შეაჩერებს, ოპოზიციამ პარლამენტი უნდა დატოვოს, პრეზიდენტი ამბობს, რომ ახლა ულტიმატუმების დრო არ არის.
"მე მინდა ყველა მხარეს ვუთხრა, რომ დოკუმენტის ირგვლივ შედგა შეთანხმება, ახლა დრო არის ამ დოკუმენტის მაქსიმალურად შესრულების და არა იმის, რომ ერთმანეთის მიმართ დავუბრუნდეთ იმ რაღაც გზავნილებს, რომ ასე თუ არ მოიქცევი მე გავალ, შევალ, არ შევალ. საზოგადოება ამით დაიღალა და ეს გამოჩნდება არჩევნებში, თუ ყველა არ მიხვდება იმას, რომ საზოგადოებას უნდა წინსვლა, შედეგები", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მოსამართლეების დანიშვნის პროცესი არ ჩერდება. ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს, 23 ივნისს პარტიის პოლიტსაბჭოს შემდეგ ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ საქართველოს პარლამენტი მოუსმენს თითოეულ კანდიდატს და მიიღებს გადაწყვეტილებებს მათი განწესების შესახებ.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ ფულის შესაძლო გათეთრების საქმეზე სასამართლო 2 ივლისს ჩაინიშნა. ხაზარაძე ამბობს, რომ ქართული ოცნება მართლმსაჯულებას ისევ ოპონენტების წინააღმდეგ იყენებს.
ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი მოუწოდებს ხელისუფლებას, შეაჩეროს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი.
არაერთი მოწოდების მიუხედავად, 17 ივნისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნად წარდგენილ 9 მოსამართლეს მხარი დაუჭირა - მოსამართლეთა სია დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნა.
სია შემდეგნაირად გამოიყურება:
- გიორგი გოგიაშვილი
- გოჩა აბუსერიძე
- ლევან თევზაძე
- ქეთევან მესხიშვილი
- გიორგი შავლიაშვილი
- რევაზ ნადარაია
- ბიძინა სტურუა
- ეკა ზარნაძე
- ლაშა ქოჩიაშვილი
კელი დეგნანმა, კარლ ჰარცელმა და ნატალია ვუტოვამ 21 მაისსაც მიმართეს წერილით მმართველ გუნდს, სასამართლო რეფორმის განხორციელებამდე შეეჩერებინათ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების არჩევა და იუსტიციის საბჭოს წევრების დანიშვნა.
ელჩებმა წერილით მმართველ გუნდს შეახსენეს შარლ მიშელის დოკუმენტით აღებული ვალდებულებები და ხაზი გაუსვეს, რომ მათ შესრულებაზე იქნება დამოკიდებული საქართველოს ფინანსური დახმარება.
ამაზე კახა კუჭავამ მათ უპასუხა, რომ როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ვალდებულია, უზურნველყოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების უვადოდ არჩევისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დანიშვნის პროცესი.
რა წერია შეთანხმებაში?
შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილი შეთანხმების დოკუმენტით, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ხელი მოაწერა, ნათქვამია, რომ საარჩევნო რეფორმის გატარებამდე, რომელიც უნდა დაეფუძნოს ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის დასკვნას, პარლამენტმა თავი უნდა შეიკავოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების მოქმედი წესით დანიშვნისგან.
ასევე, დოკუმენტის მიხედვით, უნდა მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებითი რეფორმირება, გამჭვირვალობის, კეთილსინდისიერების და ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით. რეფორმა უნდა მოიცავდეს დანიშვნების, შერჩევის, დაწინაურების და დისციპლინარული ზომების სფეროსაც. რეფორმების შესაფასებლად მოთხოვნები შედგება და გაეგზავნება ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირს, მათი რეკომენდაციები კი სრულად უნდა იქნას გათვალისწინებული.