საქართველოს პრეზიდენტი ქართველ ერს აღდგომის დღესასწაულს ულოცავს და სამოქალაქო თვითშეგნების გამოჩენისთვის მადლობას უხდის.
„გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. მადლობას გიხდით იმ მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნებისთვის, რომელიც გუშინ ქართველმა ერმა გამოიჩინა. ამით ჩვენ ვიტვირთეთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა! ყველას გიხდით მადლობას! ქრისტე აღდგა!“, - წერს ზურაბიშვილი.
საქართველოს ეკლესიებში სააღდგომო მსახურება ჩატარდა. იმ ტაძრებში, სადაც მსახურება ტრადიციულ დროს ჩაატარეს, მრევლი ადგილზე საღამოს 21:00 საათამდე მივიდა და ტაძრების ტერიტორია კომენდანტის საათის დასრულების, 06:00 საათის შემდეგ დატოვა. უცვლელი დარჩა ერთი კოვზით ზიარების წესიც, რაც, სპეციალისტების განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების რისკებს ზრდის.
შეგახსენებთ, რომ საპატრიარქოსა და ხელისუფლებას შორის სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. საბოლოო ჯამში საპატრიარქო და მთავრობა ლიტურგიის ჩატარებაზე შეთანხმდნენ. შესაბამისი განცხადებები საპატრიარქოს პრესსამსახურმა მამა ანდრია ჯაღმაიძემ გააკეთა. კერძოდ, ჯაღმაიძის თქმით, ეკლესიის კარი არ დაიკეტებოდა.
ამავე თემაზე: იხილეთ პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეს სრული ვერსია.