პარლამენტის თავჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, დღევანდელმა კენჭისყრამ აჩვენა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ქვეყანას წარსულისკენ ექაჩებიან. როგორც თალაკვაძე აცხადებს, მათ ვერ აიღეს პასუხისმგებლობა იმ პირობაზე, რომელიც საჯაროდ ჰქონდათ დადებული.
„პირველ რიგში ნამდვილად შემაშფოთებელი იყო, რომ "ნაციონალური მოძრობა" და "ევროპული საქართველო" უკვე ორი კვირის განმავლობაში აკეთებდნენ განცხადებას, რომ მათ სურდათ ეს ცვლილებები ჩავარდნილიყო. ეს პრინციპულად ეწინააღმდეგებოდა მათ მიერ გაკეთებულ ხმამაღალ საჯარო განცხადებებს დემოკრატიაზე და ასევე, ეწინააღმდეგებოდა იმ შეთანხმებას, რომელიც ამ ორმა პოლიტიკურმა პარტიამ დადო საზოგადოების და ჩვენი პარტნიორების წინაშე. დღევანდელი კენჭისყრა იყო ხაზი, რომლის ერთ მხარესაც დარჩა "ევროპული საქართველო" და "ნაციონალური მოძრაობა", გამოჩნდა რომ ისინი წარსულში ექაჩებიან ქვეყანას, მეორე მხარეს დარჩა პასუხისმგებლიანი სახელისუფლებო ძალა, ქართული ძალა და დარჩა ახალი ოპოზიცია, რომელმაც შეასრულა თავისი პირობა და მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს. ჩვენი საზოგადოებისთვის ნათელია თუ ვინ არის პოლიტიკური პარტია, რომელსაც შეუძლია მომავალზე პასუხისმგებლობის აღება, ვინ არიან ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები, ვინც შეთანხმება შეასრულეს და ასევე საზოგადოებამ დაინახა ძველი ოპოზიცია, რომელმაც ვერ შეძლო ელემენტარული პირობის შესრულება და ვერ აიღო პასუხისმგებლობა იმაზე, რაზეც ჰქონდა საჯარო დაპირება მიცემული და რაზეც ხელი ჰქონდა მოწერილი“,-აცხადებს არჩილ თალაკვაძე.
დღეს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ ევროპული საქართველოსა და ნაციონალური მოძრაობის წევრებს. ამის მიზეზი 8 მარტის შეთანხმების შეუსრულებლობაა.
შეგახსენებთ, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე შეთანხმება 8 მარტს შედგა. შეთანხმების ერთი ნაწილი საარჩევნო სისტემის ცვლილებებსა და მანდატების 120/30-ზე გადანაწილებას ეხებოდა, ხოლო მეორე პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.
15 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა ოპოზიციური პარტიის წევრები, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა, თუმცა ამ დრომდე პატიმრობაში რჩება „მთავარი არხის“ მეწილე გიორგი რურუა.