logo
ENG



თალაკვაძე დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ: განხილვის პუნქტებში არის მნიშვნელოვანი წინსვლა

15 მარ 202122:04
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ შეთანხმების პუნქტები ყალიბდება იმ ფორმით, რომ ოპოზიციასთან პოზიციების დაახლოება შესაძლებელია. 

"პროცესი წინ მიდის, გრძელდება მოლაპარაკები. ვფიქრობ, უკვე შეთანხმების პუნქტები ყალიბდება იმ ფორმით, რომ პოზიციების დაახლოება შესაძლებელია და იმედს ვიტოვებ, რომ ორივე მხრიდან კონსტრუქციული მიდგომებით შევძლებთ უთანხმოების ამოწურვას და შევძლოთ და შევძლოთ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს დაუბრუნდეს ყველა პარტია და პარლამენტი. პუნქტებში, რომელზეც განხილვა მიმდინარეობს არის მნიშვნელოვანი წინსვლა. თუ ოპოზიციის მხრიდან იქნება პრაგმატული ნაბიჯები გადადგმული, ჩვენი მხრიდან იყო პრაგმატული და სამართლიანი ნაბიჯები გადადგმული ამ დღეებში, ჩვენ შეთანხმებას შევძლებთ", - განაცხადა თალაკვაძემ.

დანიელსონი გუშინ დილიდან ჯერ ქართულ ოცნებას შეხვდა, შემდეგ - ოპოზიციას, შემდეგ ისევ ქართულ ოცნებას. დღის ბოლოს გაერთიანებული სხდომა უნდა გამართულიყო, თუმცა შეხვედრის შემდეგ, ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დისკუსიები პრემიერის ბრიუსელში ვიზიტის შემდეგაც გაგრძელდებოდა, რადგან გარკვეული საკითხები დასაზუსტებელი იყო, ხოლო ოპოზიციასთან ერთობლივი შეხვედრა აღარ გაიმართებოდა. კობახიძის ამ განცხადების შემდეგ დანიელსონმა პრეს-კონფერენცია გამართა და აღნიშნა, რომ საქართველოში კიდევ ერთი დღით დარჩებოდა

დანიელსონი ოპოზიციას დღეს დილითაც შეხვდა. შეხვედრის შემდეგ გაირკვა, რომ დიპლომატი შეეცდება, საქართველოში მხარეებს შორის შეთანხმებამდე დარჩეს

მიშელმა საქართველოში გამართული ვიზიტისას, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მისი შუამავლობით შემდგარი მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ პრემიერმინისტრ ღარიბაშვილს 16 მარტს დაგეგმილი ვიზიტის დროს ევროპარლამენტში კონკრეტული შედეგებით ელიან. 

მიშელმა ჩარჩო საკითხებიც წარმოადგინა, რომელიც იმ საკვანძო თემებს მოიცავს, რომლის გარშემოც შემდგომი მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს. 

დოკუმენტში სხვა რეფორმებთან ერთად ვადამდელი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაცაა შეტანილი. 


close დახურვა