„ოქტომბერში ეპიდემია გადავლილი იქნება და შესაძლებელი იქნება არჩევნების ჩატარება,“ - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წევრი ლევან თარხნიშვილი, ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ეპიდემიის პირობებში არ უნდა ჩატარდეს და თუ ეპიდემია 2020 წლის არჩევნებისთვის კიდევ იქნება, მაშინ არჩევნები არ ჩატარდება.
მისი განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ მთავრობა და საზოგადოება ყველა საჭირო ზომას დროულად მიიღებს, ეპიდემიის გავრცელების საფრთხე აღარ იქნება.
„დღეს რა მდგომარეობაც არის მთელ მსოფლიოში, საკმაოდ ოპტიმისტურად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ თუ ყველაფერი გაკეთდება დროულად და ხარისხიანად, როგორც მთავრობის ისე საზოგადოების მხრიდან, მოვასწრებთ საკონსტიტუციო ცვლილებების შეტანას რაც არჩევნების მოსამზადებლად არის საჭირო და ოქტომბრის თვისთვის ეპიდემია იქნება გადავლილი და შესაძლებელი იქნება სრულფასოვანი არჩევნების ჩატარება“, - განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.
„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ წარმომადგენელი გიგლა ბარამიძე აცხადებს, რომ არსებული სირთულეები, რომელიც ვირუსთან დაკავშირებით საქართველოშია გადალახვადია.
მისივე თქმით, თუ ეპიდემია ოქტომბრამდე გაგრძელდა და რთული მდგომარეობა იყო, არჩევნებზე საუბარი ზედმეტია, რადგან საზოგადოების უმთავრესი ინტერესი ხალხის გადარჩენა იქნება.
„ჩვენ უნდა გადავლახოთ სირთულეები და დათქმულ დროს ჩატარდეს არჩევნები. ასევე ამ ყველაფერს წინ უნდა უძღოდეს კონსტიტუციური განხილვები და კონსტიტუციური ცვლილებები. თუ ისე დადგა საკითხი, რომ ეპიდემია იყო და სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი დადგა, ამას რათ უნდა კომენტარები, მაშინ სხვა ინტერესები ამოტივტივდება დღის წესრიგში, ქვეყნის და ხალხის გაადარჩენის. მე დარწმუნებული ვარ, რომ აქამდე არც მსოფლიოში და არც საქართველოში საქმე არ მივა“, - განაცხადა გიგლა ბარამიძემ.
"ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ იმედის ეთერში განაცხადა, რომ ეპიდემიის პირობებში არჩევნები არ უნდა ჩატარდეს და არ ჩატარდება. გარდა ამისა, მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი არც იმას გამორიცხავს, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში, საკონსტიტუციო ცვლილებები დაჩქარებული წესით მიიღონ. ამასთან, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ ეპიდემია ზაფხულისთვის გადაივლის.