logo
ENG



თენგიზ ცერცვაძე: კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზრდება

16 მარ 202008:19
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში კორონავირუსის 33 შემთხვევაა დაფიქსირებული. სამი პირი, რომლებსაც ინფექცია გუშინ დაუდასტურდათ, კონტაქტში იყვნენ მაღალი რისკის ქვეყნებიდან ჩამოსულ ადამიანებთან. 33 ინფიცირებულიდან 2 უკვე გამოჯანმრთელების სტადიაზეა, მათი მეორადი ტესტირების შედეგები დღეს გახდება ცნობილი. ამ ეტაპისთვის დამაკმაყოფილებელია 4 არასრულწლოვანი პაციენტის მდგომარეობაც.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, მესამეული გადაცემა ჯერჯერობით საგანგაშო არაა, თუმცა მაინც არსებობს რისკი იმისა, რომ ვირუსი  უფრო მასშტაბური გახდეს. 

„რა თქმა უნდა, მესამეული არ არის კარგი, მაგრამ ამ დროს კონტაქტების წრე ცნობილია, შემოფარგლულია და შეიძლება მათი კვლევა. აი, მეოთხეულია ცუდი - როდესაც ადამიანი დაინფიცირდება ისე, რომ არ იცის ვისგან გადაედო. ჯერ საგანგაშო არ არის, მაგრამ რისკებია და ახლო მომავალში ინფიცირებულთა რაოდენობა მოიმატებს“, - განაცხადა ცერცვაძემ.

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი კი აცხადებს, რომ რაღაც დროის შემდეგ მეოთხეული გადაცემის შემთხვევებიც დაფიქსირდებდა.

„როდესაც წყარო ცნობილია, მიდევნება ადვილია. თუმცა, ილუზია არ არის, რომ არ იქნება ისეთი გადაცემის შემთხვევები, როდესაც წყაროს ვერ დავადგენთ. ადამიანთა დიდი ნაწილი უსიმპტომოდ გადაიტანს ამ დაავადებას, მცირედი სასუნთქი გზის პრობლემებით და გამოიმუშავებს ამ სეზონზე იმუნიტეტს. თუმცა, იქნებიან ისეთებიც, ვისაც ვირუსი ფილტვების ანთებით გაურთულდება და ეს სეგმენტია საყურადღებო. როდესაც სასუნთქები გზების სიმპტომები გვაქვს, განსაკუთრებით მაღალი სიცხე და სასუნთქი გზების გძნელება, არ დავიწყოთ გაურკვეველი მედიკამენტებით მკურნალობა და მივაკითხოთ ექიმს“, - განაცხადა ბუწაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემიად გამოაცხადა. საქართველოში ვირუსით ოფიციალურად ინფიცირებულია 33 პირი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 637 პირი.

 


close დახურვა