logo
ENG



თინა ხიდაშელი ოცნების განცხადებებზე: ეს არის შანტაჟი დიპლომატიური კორპუსის მიმართ

11 მაი 202017:19
3 წუთის საკითხავი
 

 

საერთაშორისო პარტნიორების მიმართ მმართველი გუნდის განცხადებებს ექსპერტები ეხმაურებიან. სტრატეგიული ანალიზის ცენტრის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ეს განცხადებები პირველ რიგში თავად „ქართული ოცნებისთვისაა“ დამაზიანებელი, ვინაიდან საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, პანდემიის შემდეგ ეკონომიკური კრიზისის პირობებში, შესაძლოა ფინანსურ დახმარებას კითხვის ნიშანი დაესვას.

„ეს არის კიდევ უნიჭო და დამაზიანებელი მცდელობა, თვითდამაზიანებელია ქართული ოცნებისთვის, რომ თავის დანაპირებზე უარი თქვას. ორივე შემთვევაში ძალიან მძიმე დრო უდგათ. პირველი, ეკონომიკურად საკმაოდ რთული დრო გველოდება და გაჭირვების დროს რამდენად შეინარჩუნებენ რეიტინგს არავინ იცის და მეორე, არსად არ წასულან დიპლომატები. აქ არიან და შეიძლება ასეთ მოქცევას მერე იმ ფინანსური დახმარებებსაც დაესვას კითხვა, რომელზეც ამხელა იმედი აქვს ხელისუფლებას რომ ამ სიტუაციას განმუხტავს, ამიტომ ძალიან ცუდი გადაწვეტილებაა“,-განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.

შანტაჟი დიპლომატიური კორპუსის მიმართ - ასე აფასებს, პოლიტოლოგი თინა ხიდაშელი, მმართველი გუნდის განცხადებებს. ხიდაშელს მიაჩნია, რომ ივანიშვილს მოლაპარაკებების ჩასაშლელად გეგმა ბ აუცილებლად ექნებოდა, ახლა კი „ქართული ოცნება“ შეეცდება მოლაპარაკებების ჩაშლა ოპოზიციას დააბრალოს.

„ბიძინა ივანიშვილს აუცილებლად ექნებოდა გეგმა ბ. რა თქმა უნდა მან არ იცოდა რომ კორონავირუსის გამო ასეთი ვითარება შეიქმნებოდა, მაგრამ სხვა მიზეზითაც ეს ვითარება იქნებოდა. მისი ამოცანა არის ძალიან მარტივი, რომ ამჯერად რაღაცნაირად მოახერხოს და შეთანხმების ჩავარდნა დაბრალდეს ოპოზიციას. მეორე ამოცანა არის, ამ შანტაჟით დიპლომატიური კორპუსის მიმართ, სხვა ვერაფერს დავარქმევ რაც პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა, იმიტომ რომ ოდნავ მაინც თუ იცი რას ნიშნავს დიპლომატია, ასე საკითხს არ აყენებენ. ზუსტად უნდა გქონდეს მოლოდინი რომ ელჩები გვარებით და სახელებით არ გამოვლენ და არ ილაპარაკებენ. მათი გათვლა სწორედ ამაზეა, რომ დიპლომატები პირდაპირ სახელებით და გვარებით არ იტყვიან, შესაბამისად ისინი მუდმივად ამ თემაზე ილაპარაკებენ“,-განაცხადა თინა ხიდაშელმა.

საპარლამენტო არჩევნების გამართვა 2020 წლის ოქტომბერში იგეგმება. იქამდე კი პარლამენტში კონსტიტუციაში შესატან ცვლილებეზე უნდა იმსჯელონ - კერძოდ, არჩევნები მანდატების 120/30 გადანაწილებით ჩატარდება, ხოლო ბარიერი 1%-იანი იქნება. ამის შესახებ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით, 8 მარტს მოხდა.

რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა საქართველოს მთავრობას ოპოზიციასთან მიღწეული შეთანხმების პირობების შესრულებისკენ მოუწოდა. მან სოციალურ ქსელში კრიტიკული წერილი გამოაქვეყნა საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე.

მოგვიანებით, პრემიერ-ინისტრმა გიორგი გახარიამ რამდენიმე დღის წინ ანდრიუს კუბილიუსის წერილთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ, ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ არსებობენ. გიორგი გახარიას თქმით, ხელისუფლება დადებულ პირობას შეასრულებს.

ამასთან, დღეს მმართველი პარტიის ოფისში ბრიფინგი გაიმართა. ბრიფინგზე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ თუ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდება, პასუხისმგებლობა ოპოზიციას დაეკისრება. მანვე აღნიშნა, რომ დაპატიმრებული პოლიტიკოსების გათავისუფლებასთან დაკავშირებით 8 მარტის შეთანხმებაში არაფერი წერია.   

 


close დახურვა