logo
ENG



თუ ვინმეს ბრალი დაუმძიმდება, ესენი იქნებიან ტოიოტას მგზავრები - მირიან ნიკოლაძე

27 ივლ 202009:37
3 წუთის საკითხავი
clock 464

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 17 პირიდან 11-ის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. სხდომა მცხეთის რაიონულ სასამართლოში 11:00 საათზეა ჩანიშნული.

დღევანდელ პროცესზე ბრალდებულისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გადაისინჯება. დაკავებულების ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფების გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენებენ, გარდაცვლილი ფეხბურთელის ოჯახი კი, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის დატოვებას მოითხოვს.

შაქარაშვილის ნათესავი მირიან ნიკოლაძე მიიჩნევს, რომ ბრალდებული პირების გათავისუფლებამ შესაძლოა, გამოძიებას ხელი შეუშალოს. ამასთან, მას აქვს მოლოდინი, რომ „ტოიოტა ქემრის“ მგზავრებს ბრალი დაუმძიმდებათ.

„გვაქვს ერთადერთი მოლოდინი რომ აღკვეთი ღონისძიებები, რომელიც დღეს აქვთ შეფარდებული დარჩება ძალაში, რადგან ამისთვის არსებობს როგორც პროცესუალური ისე ფაქტობრივი საფუძველი. ვფიქრობთ, რომ ყველა დანაშაულის ჩამდენი პირი უნდა იყოს პატიმრობაში, რათა ძიებას არ შეეშალოს ხელი. მოლოდინი მაქვს, რომ თუ ვინმეს ბრალი დაუმძიმდება, ესენი იქნებიან ტოიოტა ქემრის მგზავრები, რომლებიც უშუალო მონაწილეობას იღებდნენ როგორც ფიზიკურ ძალადობაში, ასევე გიორგის განზრახ მკვლელობაში. ჩვენი მოთხოვნა არის სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მათთვის ბრალის წარდგენა და შემდგომ, სასამართლოში ამავე მუხლით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა“, - განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

შეგახსენებთ, 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, შსს-მ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, 26 ივნისს 17 ადამიანი დააკავა. მოგვიანებით პროკურატურამ ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც ფეხბურთელის სიცოცხლის ბოლო საათები და საბედისწერო ღამეს მომხდარი რამდენიმე ინციდენტია ასახული.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 17-ვე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

შეგახსენებთ, 19 ივნისს, საღამოს, კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.

სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურმა და მყვინთავებმა შეტყობინებისთანავე სამძებრო სამუშაოები დაიწყეს. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.

ვრცლად გიორგი შაქარაშვილის საქმესა და გაჩენილ კითხვებზე წაიკითხეთ აქ.


close დახურვა