ქართული ოცნების ლიდერი ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს, სადაც ბოლო პერიოდში მომხდარ ძალადობრივ ინციდენტებს ეხმაურება და ამბობს, რომ "რადიკალური ოპოზიციური ჯგუფების" მხრიდან პროვოკაციები გახშირდა, ქართული ოცნების მხარდამჭერები კი, მისდა სამწუხაროდ, რიგ შემთხვევებში ამას "წამოეგნენ".
ივანიშვილი ამბობს, რომ კონფლიქტის დროს, დასავლელი პარტნიორებისთვის რთულია მსხვერპლისა და პროვოკატორის ერთმანეთისგან გარჩევა და მოუწოდებს საკუთარ მხარდამჭერებს, "არ აყვნენ პროვოკაციებს".
გთავაზობთ მის განცხადებას:
"2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილია სამი კვირა. ეჭვგარეშეა, რომ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული წინსვლისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, წინასაარჩევნო კამპანიამ ჩაიაროს მშვიდ გარემოში, თავსმოხვეული აგრესიისა და მღელვარების გარეშე.
მე ვგმობ ყველანაირ ძალადობას, რაც ზიანს აყენებს წინასაარჩევნო პროცესს და დემოკრატიის ხარისხს ქვეყანაში.
ფაქტია, რომ რადიკალურმა ოპოზიციურმა ჯგუფებმა ძალადობა წინასაარჩევნო კამპანიების თანმდევ მოვლენად აქციეს. უკანასკნელ პერიოდში მათი მხრიდან გახშირდა პროვოკაციები, რასაც, რიგ შემთხვევებში, ჩემდა სამწუხაროდ, წამოეგნენ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებიც. არის საფრთხე, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ასეთი ხასიათის ძალადობრივი დაპირისპირებები უფრო გახშირდეს.
როდესაც კონფლიქტი ხდება, ძნელია იმის გარჩევა, ვინ არის ინიციატორი და ვინ - პროვოკაციის მსხვერპლი. ეს განსაკუთრებით ძნელია ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის, ვინც არჩევნებს აკვირდება და ვისი შეფასებებიც საარჩევნო პროცესის თაობაზე ქვეყნისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია.
მინდა მაქსიმალური თავშეკავებისკენ მოვუწოდო ყველას, განსაკუთრებით, ქართული ოცნების მხარდამჭერებს - ნუ აყვებით პროვოკაციებს, ნუ მივცემთ რადიკალურ ჯგუფებს იმის საშუალებას, რომ დააზიანონ საარჩევნო გარემო და ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაცია.
ძალადობა და ქვის სროლა მათი ხელწერაა, სწორედ ასე მოვიდნენ ისინი თავის დროზე ხელისუფლებაში და დღესაც ასე სურთ გადაფარონ საკუთარი უპერსპექტივობა და გარდაუვალი მარცხი მოახლოებულ არჩევნებში.
ჩვენ ყოველთვის ვემიჯნებოდით ძალადობას. ესაა ქართული ოცნების ხელწერა და სწორედ ეს გამოგვარჩევს ჩვენ მათგან.
უდავო ფაქტია, რომ ჩვენ ამჟამად ძალზე მყარი პოზიციები გვაქვს. ქართული ოცნება დამაჯერებლად იმარჯვებს ამ არჩევნებში. ყველა კვლევა ადასტურებს, რომ ქართული საზოგადოების უპრეცედენტო მხარდაჭერის ფონზე, ჩვენი საპროგნოზო მაჩვენებელი 54-დან 60%-მდე მერყეობს და რიგ შემთხვევებში, 63%-საც კი აჭარბებს.
შესაბამისად, დღეს ჩვენ ყველანაირი ძალისხმევა უნდა მივმართოთ არა დამატებითი ხმების მობილიზებისთვის, რაც ერთ ან ორ პროცენტში თუ ნახავს გამოხატულებას და არჩევნების შედეგებზე პრინციპულ გავლენას ვერ მოახდენს, არამედ ყველაფერი უნდა გაავაკეთოთ იმისათვის, რომ არჩევნები მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩატარდეს და მის შედეგებში ეჭვის შეტანა ვერავინ შეძლოს.
ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო საზოგადოებას, განსაკუთრებით ქართული ოცნების მხარდამჭერებს, ნუ ავყვებით პროვოკაციებს, გამოვიჩინოთ მაქსიმალური თავშეკავება, მოვთოკოთ ემოციები, რომ მშვიდად მივიდეთ არჩევნებამდე და მშვიდად გავაგრძელოთ ცხოვრება საქართველოს წარმატებისთვის", - წერია ივანიშვილის განცხადებაში, რომელიც ქართულმა ოცნებამ გაავრცელა.
ბოლო პერიოდის ინციდენტები
სექტემბრის თვის ბოლოს ბოლნისსა და მარნეულში რამდენიმე ინციდენტი მოხდა.