logo
ENG



იმედი გვაქვს ექსპერტიზა იქნება კატეგორიულ ფორმაში და არ დატოვებს კითხვის ნიშნებს - ნიკოლაძე

10 ივლ 202010:33
3 წუთის საკითხავი
clock 205

გიორგი შაქარაშვილის ნათესავი მირიან ნიკოლაძე იმედს გამოთქვამს, რომ ექსპერტიზის დასკვნა საქმეზე არსებულ ყველა კითხვას გასცემს პასუხს. 

როგორც ნიკოლაძემ "ფორმულასთან" საუბარში აღნიშნა, ოჯახი პოზიციას ექსპერტიზის გასაჯაროების შემდეგ დააფიქსირებს.  

"ოჯახი ელოდება მნიშვნელოვანი ექსპერტიზის დასკვნას. ექსპერტიზამ უნდა გასცეს მნიშვნელოვან კითხვებს პასუხი. გვექნება იმედი, რომ ექსპერტიზა იქნება იმ კატეგორიულ ფორმაში და არ დატოვებს რაიმე კითხვის ნიშნებს. იმედი მაქვს, რომ ექსპერტიზის ფორმულირება ისეთი იქნება, რაც ჩვენ გასაქანს მოგვცემს, რომ ჩვენ კატეგორიული პოზიცია დავაყენოთ გამოძიების და პროკურატურის წინაშე", - განაცხადა ნიკოლაძემ. 

19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, შსს-მ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, 26 ივნისს 17 ადამიანი დააკავა. მოგვიანებით პროკურატურამ ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც ფეხბურთელის სიცოცხლის ბოლო საათები და საბედისწერო ღამეს მომხდარი რამდენიმე ინციდენტია ასახული.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 17-ვე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

შეგახსენებთ, 19 ივნისს, საღამოს, კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.

სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურმა და მყვინთავებმა შეტყობინებისთანავე სამძებრო სამუშაოები დაიწყეს. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.

 


close დახურვა