logo
ENG



იმედი მაქვს, სასამართლო აღკვეთის ღონისძიებას არცერთ სპორტსმენზე არ გამოიყენებს - კობაიძე

28 ივნ 202011:38
3 წუთის საკითხავი
 

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ვასილ მახარაძისა და არჩილ გაგნიძის ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე იმედს გამოთქვამს, რომ სასამართლო მისი დაცვის ქვეშ მყოფების მიმართ აღკვეთის ღონისძიების არცერთ სახეს არ გამოიყენებს.

როგორც კობაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საქმის მასალებით დაკავებულების ბრალეულობა არ დასტურდება.

„მე მქონდა მოლოდინი, რომ საგამოძიებო უწყება არ იმოქმედებდა ისე ქაოსურად, როგორც იმოქმედა. მე მქონდა მოლოდინი, რომ საგამოძიებო ორგანო მოწოდების სიმაღლეზე იქნებოდა, თუმცა, სამწუხაროდ, მივიღეთ ძალიან ცუდი რამ, რომ ამ უბედურებას კიდევ 17 ადამიანის და მათი ოჯახების უბედურება ემატება, რადგან საქმის მასალებს შეძლებისდაგვარად დაცვის მხარე გაეცნო და არსად არ დასტურდება ბრალეულობა, იმ მუხლების ავთენტურობა, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ აბსოლუტურად უსაფუძვლოა თუნდაც ის დაკავება, რომელიც განხორციელდა. მე იმედს გამოვთქვამ, რომ დღეს სასამართლო აღკვეთის ღონისძიებას არცერთ სპორტსმენზე, არცერთ ადამიანზე არ გამოიყენებს, რომლებიც აქ არიან და ასევე იმედს გამოვთქვამ, რომ ეს საქმე არ იქნება პოლიტიზებული და იქნება სამართლებრივ ჩარჩოში ჩამჯდარი. ამას მოვუწოდებ როგორც სასამართლოს, ასევე პროკურატურას“, - განაცხადა კობაიძემ.

მან ასევე გურამ ამირხანაშვილის ჩვენებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამირხანაშვილი მის მიმართ ზეწოლის ან იძულების ფაქტს არ ადასტურებს.

„აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის მოწმის ჩვენება, რომელიც არის ბატონი გურო. ის საუბრობს, რომ არანაირი შეურაცხყოფა, იძულება არ განუხორციელებიათ იმ პირებს, რომლებიც "ტოიტა კამრის" მარკის ავტომობილში ისხდნენ. ეს არის გამოკითხვის ოქმი. ჩვენთვის გაურკვეველი და აღმაშფოთებელია, თუ რატომ წაუყენეს ეს ბრალდება. კაცი იძახის, რომ არ გავუტაცებივარო და მაინც წარუდგინეს. ორი ჩვენება აქვს, დააზუსტა და ბოლოს ის ამბობს, რომ არანაირ ზემოქმედებას ადგილი არ ჰქონია. რაც უნდა ვიდავოთ, ეს ადამიანი იძახის, რომ მის მიმართ დანაშაული არ განუხორციელებიათ. რა რჩებათ მაშინ? 6 ადამიანი, რომლებიც ამბობენ, რომ დანაშაული არ ჩაუდენიათ და თავად დაზარალებული, რომელიც ამბობს, რომ ზეწოლა მასზე არ განხორციელებულა. შესაბამისად, არაფერი არ რჩება საქმეში. ჩვენ გვაქვს ერთადერთი ეპიზოდი, რომ ბატონი გურო გავიტაცეთ მისი ნების საწინააღმდეგოდ, რაც არის ნონსენსი და არ შეესაბამება დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც საქმეშია. ისინი გადაადგილდებოდნენ მანქანით, მაგრამ განზრახვა არ იყო ვინმეს ცემა და მუქარა. მათი განზრახვა იყო კეთილი, რადგან გუროს თხოვნით ჩავისვით მანქანაში და წამოვიყვანეთ თბილისის მიმართულებით. ვიდეოჩანაწერში, რომელშიც „ტოიოტა კამრიში“ სხედან ადამიანები, ჩერდება რამდენიმე წამი და კვლავ იძვრის. სად ჩანს, რომ ვინმე ვინმეს მისდევს? მანქანა ხიდის ქვეშ არ ჩასულა, მხოლოდ მაშინ ჩავიდნენ, როდესაც გურო ჩაისვეს და თბილისისკენ წავიდნენ“, - განაცხადა კობაიძემ.

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 ადამიანი დააკავეს. უწყებამ შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მოპოვებული ვიდეომასალაც გაავრცელა, სადაც ფეხბურთელის სიცოცხლის ბოლო საათები და საბედისწერო ღამეს მომხდარი რამდენიმე ინციდენტია ასახული. 

შსს-მ გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლიც დაამატა. ახლა გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა (სსკ-ის 143-ე) და ძალადობის მუხლებით.

19 ივნისს, საღამოს, კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.

სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურმა და მყვინთავებმა შეტყობისთანავე დაიწყეს სამძებრო სამუშაოები. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.


close დახურვა