თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 29 პაციენტია მოთავსებული, რომელთაგან ოთხის მდგომარეობა მძიმეა.
ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ექიმმა, ინფექციონისტმა რეზი მეჭურჭლიშვილმა „გიორგი თარგამაძის ფორმულაში“ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ინფექციის გავრცელების პირველ ეტაპთან შედარებით, ბოლო პერიოდში მიღებული პაციენტების მდგომარეობა უფრო მძიმეა.
„ამჟამად გვყავს 29 პაციენტი, დანარჩენი 17 გამოჯანმრთელდა და ისინი გავწერეთ თვითიზოლაციაში. რაც შეეხება ტენდენციას, თავიდან ვიღებდით უფრო მსუბუქ პაციენტებს, ვინაიდან იყო კონტროლი, ხდებოდა საზღვრებიდან მათი გადმოყვანა და შეიძლება საერთოდ არ ჰქონოდათ მათ სიმპტომი, უბრალოდ ჰქონოდათ ეპიდემიოლოგიური ანამნეზი და ამიტომ ხდებოდა მათი გაკონტროლება და ნაცხის აღება, ახლა კი, უკვე შედარებით დამძიმდა. უფრო მძიმე პაციენტების მიღება ხდება. ჩვენი 29 პაციენტიდან 4-ის მდგომარეობა არის საშუალოზე მძიმე. თუმცა ჯამში, ამ პაციენტების მდგომარეობა არის სტაბილური და იმედი გვაქვს, რომ გაუმჯობესებისკენ მალე წავა“, - აღნიშნა რეზი მეჭურჭლიშვილმა.
რაც შეეხება მკურნალობის მეთოდებს, მისი თქმით, ჯერჯერობით პაციენტებს იმ პრეპარატებით მკურნალობენ, რომელიც ამ დრომდე ყველაზე ეფექტური იყო, თუმცა კვლევების შემდეგ, შესაძლოა, სხვა მეთოდებსაც მიმართონ.
„ჯერჯერობით ისევ ის პრეპარატები რჩება მკურნალობის ტაქტიკაში რაც იყო ყველაზე ეფექტური აქამდე, თუმცა არის უკვე რაღაც ექსპერიმენტული კვლევები, რომ შეიძლება გამოვიყენოთ მაგალითად თუნდაც პლაზმა გამოჯანმრთელებული პაციენტისგან. ზოგადად ინფექციური დაავადების გადატანისას, წარმოიქმნება ანტისხეულები, რომლებიც იბრძვიან ამ ვირუსის და ნებისმიერი სხვა ბაქტერიის წინააღმდეგ. ამ შემთხვევაშიც იგივე მეთოდია, როდესაც ადამიანი გადაიტანს ამ დაავადებას, მას ექნება ანტისხეულები ამ დაავადების წინააღმდეგ და შესაძლებელია ადამიანის პლაზმის გამოყენება სამკურნალოდ, მაგალითად როგორც აცრა ან ვაქცინაცია“, - განაცხადა მეჭურჭლიშვილმა.
ცნობისთვის, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 91 შემთხვევაა დაფიქსირებული. კარანტინის რეჟიმში 4876 მოქალაქეა, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 264. ჯერჯერობით, ვირუსისგან მხოლოდ 18 პაციენტი განიკურნა.