logo
ENG



იოსელიანი: საგამოძიებოს არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე გამოძიებისკენ მოვუწოდებ

13 მარ 202312:11
3 წუთის საკითხავი
 

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი საგამოძიებო სტრუქტურებს მოუწოდებს, რომ ჩაატარონ "ეფექტიანი გამოძიება" არაპროპორციული ძალის გამოყენბისა და მედიის წარმომადგენლების დაშავების ფაქტზე.

"სახალხო დამცველმა და რწმუნებულებმა მოვინახულეთ 96 დაკავებული პირი. რწმუნებულები დაკავებულებთან შეხვედრის მიზნით ინტენსიურად მუშაობდნენ არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებშიც. ამასთან რამდენიმე დაკავებულმა პირმა აპარატს მომართა მათი დაკავების კანონიერების შესწავლის მოთხოვნით. დაკავებულები მიუთითებენ დაკავების უხეშ ფორმაზე და რიგ შემთხვევაში, აღენიშნებოდათ დაზიანებები. რამდენიმე დაკავებულის შემთხვევაში, მათივე სურვილით და თანხმობით, სახალხო დამცველის აპარატმა მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გამოძიების დაწყების მიზნით. განსაკუთრებით ხაზგასასმელია ზურაბ ჯაფარიძის შემთხვევა მისი და მოწმის განმარტებით შსს-ის რამდენიმე წარმომადგენელმა ფიზიკურად გაუსწორდა, სცემეს ხელებით, ფეხებით, ხელკეტებით, აღენიშნება დაზიანება თავისა და კისრის არეში, ასევე ხელის მტევნის არეში. სახალხო დამცველის აპარატი განაგრძობს აქციაზე დაკავებულ პირთა საქმიანობის შესწავლას, ასევე მომავალში განახორციელებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დაკავებული პირების მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე დაწყებული გამოძიების მონიტორინგს. ამასთანავე სახალხო დამცველი მოუწოდებს საგამოძიებო სტრუქტურებს ჩაატარონ ეფექტიანი გამოძიება არაპროპორციული ძალი გამოყენების, ასევე მედიის წარმომადგენლების დაშავების ფაქტზე."- განაცხადა იოსელიანმა.

* * * 

მასშტაბური საზოგადოებრივი პროტესტის შედეგად ქართულმა ოცნებამ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" რუსული კანონპროექტის გაწვევის შესახებ 9 მარტს განაცხადა, 10 მარტს კი პლენარულ სხდომაზე ჩააგდო. თავდაპირველად, ოცნება ამ კანონპროექტს მხარს უჭერდა და პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო. 

კანონპროექტის საწინააღმდეგო პროტესტი 7-8 მარტს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. აქციები იყო ქუთაისში, ბათუმში და სხვა ქალაქებშიც. 

თბილისში პოლიციელებმა მშვიდობიანი აქცია წყლის ჭავლით, წიწაკის სპრეითა და ცრემლმდენი გაზით დაარბიეს. 

რამდენიმესაათიანი მცდელობების მიუხედავად ხალხი არ იშლებოდა, რის შემდეგაც პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავება ძალისმიერი მეთოდებით დაიწყო. პოლიციელები მუშაობაში ხელს უშლიდნენ მედიის წარმომადგენლებს და ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებიც დაფიქსირდა. 

9 მარტს შსს-მ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი, 133 ადამიანი გაათავისუფლა.


close დახურვა