ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ირანის მოქალაქეებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.
ლუგარის ლაბორატორიის კვლევის შედეგები რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი.
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, პაციენტებს კლინიკიდან დღის ბოლოს გაწერენ.
"რენტგენოლოგიური გამოკვლევა ჩაუტარდათ. არც ერთ მათგანს პნევმონია არ დაუდასტურდა. მათ არ აღმოაჩნდათ არც გრიპის ვირუსი. ლუგარის ლაბორატორიიდან ახლა მივიღეთ კვლევების პასუხები და დადგინდა, რომ მათ არც კორონავირუსი აღმოაჩნდათ. ამჟამად ოთხივე მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ტემპერატურის მატება არ აღენიშნებათ. დიდი ალბათობით, მათ დღის ბოლოს გავწერთ. ჩამოფრენის შემდეგ, მათ დახვდათ შესაბამისი სამსახურები. დაუფიქსირეს ტემპერატურის მატება და გადმოიყვანეს ჩვენთან", - განაცხადა ცერცვაძემ.
შეგახსენებთ, რომ ირანში საშიში კორონავირუსის შედეგად 8 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 29 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა.