ისრაელის ელჩი უკრაინაში, მიხაელ ბროდსკი აცხადებს, რომ ისრაელში მიმდინარე ომი უკრაინის დახმარებაზე გავლენას არ მოახდენს.
"სამი კვირის წინ ისრაელზე საშინელი ტერორისტული თავდასხმა მოხდა, რის შედეგადაც 1400-ზე მეტი ისრაელელი და სხვა ქვეყნის მოქალაქეები დაიღუპნენ, 5000-ზე მეტი კი დაშავდა. ბოლო მონაცემებით, ღაზის სექტორში ტერორისტებს თითქმის 250 მძევალი ჰყავთ აყვანილი", - ამბობს ისრაელის ელჩი უკრაინაში.
მისი თქმით, ტერორისტული დაჯგუფება ჰამასის მხრიდან ისრაელზე თავდასხმის შედეგად 25 უკრაინის მოქალაქე დაიღუპა.
7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.
გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.
ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.
ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.