ისრაელის თავდაცვის ძალებმა სრული კონტროლი აღიდგინეს ქვეყნის სამხრეთში მდებარე რეიმის სამხედრო ბაზაზე, რომელზეც ღაზას დივიზიაა განთავსებული. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ცნობილია, რომ ისრაელის არმია ჰამასის დაჯგუფებებს 22 სხვადასხვა ადგილას ებრძვის და წმენდენ ქალაქებს, სადაც მოსახლეობა თითქმის 12 საათის განმავლობაში იყო ჩაკეტილი.
ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტაც დღეს, გამთენიისას გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო - ისინი აცხადებენ, რომ 20 წუთში 5000 რაკეტა ისროლეს.
გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.
ისრაელის შეიარაღებული ძალების ცნობით, ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმებს ახორციელებენ - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.
ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ და განაცხადა, რომ ქვეყანა ომშია. ამის შესახებ მან ვიდეომიმართვაში ისაუბრა და თქვა, რომ ისრაელი ამ "ომს მოიგებს"