აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ისრაელის პრემიერმინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს ხვდება. როგორც CNN იტყობინება, შეხვედრა იერუსალიმში მიმდინარეობს.
დღეს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელში დაბრუნდა. ბოლო დღეების განმავლობაში ენტონი ბლინკენი 6 მუსლიმურ ქვეყანაში იმყოფებოდა და დღეს ის ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ისრაელის საგანგებო მთავრობას მოლაპარაკებების შედეგებს გააცნობს.
ენტონი ბლინკენი ისრაელში გასულ კვირას იმყოფებოდა. მოგვიანებით, ის პალესტინაშიც გაემგზავრა და იორდანიაში შეხვედრები მეფე აბდულასთან და პალესტინის პრეზიდენტთან, მაჰმუდ აბასთან გამართა.
7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.
გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.
ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.
ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.