თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ არ გამორიცხავს ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი, რომელიც მარტის აქციებზე დაკავებული აქტივისტის მხარდამჭერ აქციაზე იმყოფებოდა, მალე თბილისში "მოლოტოვის კოექტეილით" იხილოს. ამის შესახებ მან იმედის ეთერში ისაუბრა.
"ჩვენ ვიცავთ ჩვენ ქვეყანას, ჩვენი ხალხის ინტერესებს, ამ ადამიანებს, ვინც დღეს ევროპის სახელით გველაპარაკებიან, საერთოდ ევროპულ ღირებულებებთან არანაირი კავშირი არ გააჩნიათ. ის ერთეული ევროპარლამენტარის განცხადებებიც მინდა აქ შემოვიტანო, იმიტომ, რომ მართლაც შეურაცხმყოფელია ის განცხადებები, რასაც ეს ადამიანები აკეთებენ, რასაც ეს ადამიანები კადრულობენ.
არ ვიცი, ახლა იგივე ვთქვათ, ოპოზიციის მიტინგებზე მისვლა, იმ ქალბატონის სახელი და გვარი არ მახსოვს, მე გულწრფელად ვამბობ, არ გამოვრიცხავ, ხვალ-ზეგ, შეიძლება. მოლოტოვის კოქტეილით ხელში ვიხილოთ დედაქალაქში. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ოპოზიციამ რომელიმე ევროპარლამენტარი რომელიმე ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად წარმოგვიდგინოს", - განაცხადა კალაძემ.
კალაძემ აქვე აღნიშნა, რომ - "ყველამ ძალიან კარგად უნდა იცოდეს, არც ეს ქალბატონი, გვარი არ მახსოვს, ვიოლა არ არის ევროპა და არც რომელიმე ევროპარლამენტარი, კაცო".
პირველ აპრილს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაზე მივიდა - მას შემდეგ კრამონს აქტიურად ესხმიან თავს მმართველი პარტიის მხარდამჭერები. ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიდეო მიმართვაც გაავრცელა და აღნიშნა, რომ ქართველმა ტროლებმა რუს ტროლებსაც აჯობეს - კრამონმა მაშინ ე.წ. deepfake ვიდეოზეც ისაუბრა და მიუთითა, რომ ისინი ძირითადად მმართველი პარტიის მხარდამჭერებმა გააზიარეს. ევროპარლამენტარის თქმით, ყალბი ვიდეოების დამკვეთიც, სავარაუდოდ, აქ უნდა ეძებონ.