ქართული ოცნების გენერალური მდივანი და თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქართული ოცნება ყველაფერს აკეთებს, რომ მოხდეს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია.
ეს განცხადება მან რუსეთიდან პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ გააკეთა. მისი თქმით, დეოკუპაციის საკითხი "გონებით, მშვიდობითა და ეკონომიკური განვითარებით" უნდა გადაიჭრას.
"ეს იყო ცალმხრივად გაცემული სანქციები და იცით, რომ გადაწყვეტილება იქნა მიღებული მათი მხრიდან, რომ მოიხსნას სანქციები, ასე რომ, ჩვენ აქ ვერაფერს გავაკეთებთ... ჩვენ გამოვდივართ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას, რაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა, მოხდეს ეკონომიკური განვითარება, წინსვლა, აღმშენებლობა, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე დიდი დაკვეთა, რაც აქვს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. დღეს ვართ გამოწვევების წინაშე, ყველაზე მთავარი გამოწვევა - ნებისმიერი მოქალაქე რომ გააჩეროთ და ჰკითხოთ, რა არის მისთვის, გეტყვით, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები არის ოკუპირებული. შესაბამისად, ხელისუფლება აღნიშნული პოლიტიკით ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მოხდეს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია. ეს უნდა გავაკეთოთ გონებით, მშვიდობით, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებით", - განაცხადა კალაძემ.
***
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან ამოქმედდა. პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვებიც მოუხსნა.
ქართული ოცნება მანიპულირებს, თითქოს რუსეთისგან სავიზო რეჟიმის გაუქმება და ფრენების აღდგენა ისევ ქართველებისთვის არის დადებითი გადაწყვეტილება, რადგან ეს რუსეთში მყოფებს ცხოვრებას გაუადვილებს.
***
ამ დრომდე რუსეთთან სავიზო რეჟიმი ცალმხრივად იყო გაუქმებული. ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ კი რუსეთმა 2019 წლის ივლისიდან საქართველოსთან პირდაპირი ფრენები შეწყვიტა.
ამ დროის განმავლობაში რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან არაერთხელ გაჟღერებულა, რომ რუსეთი საქართველოსთან განიხილავდა როგორც პირდაპირი ფრენების აღდგენას, ისე სავიზო რეჟიმის გაუქმებას.
იმ დროს კი, როდესაც უკრაინაში მიმდინარე მასშტაბური ომის ფონზე, დასავლეთის ქვეყნები რუსეთთან ფრენებს კრძალავდნენ და სავიზო რეჟიმსაც აწესებდნენ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ პირიქით, მათთვის მისასალმებელი იქნებოდა უვიზო მიმოსვლა და ფრენების აღდგენაც.