"ეს უფრო წინასაარჩევნო კამპანიას ჰგავს და პოლიტიკური საკითხია", - ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულის, არჩილ გაგნიძის ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ "ფორმულას" პროკურატურის განცხადების საპასუხოდ განაცხადა, რომლის თანახმადაც, გაგნიძეს ბრალი დაუმძიმდა და მას გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობასაც ედავება.
კობაიძის თქმით, პროკურატურას ახალი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია.
"ეს უფრო წინასაარჩევნო კამპანიას ჰგავს და პოლიტიკური საკითხია. სამართლებრივ საკითხს რაც შეეხხება, მათ ახალი არაფერი წარმოუდგენიათ. რას ემსახურებოდა, რომ საქმე გამოყვეს და მერე, თითქოს საზოგადოებას დაანახეს, რომ რამეს აკეთებდნენ, ეს არ ვიცი და მათ უნდა ჰკითხოთ. ფაქტია, რომ მათი ქმედება პოლიტიკურ ჭრილშია განსახილველი. მტკიცებულებები, რომელიც წარმოდგენილია, არც ერთი მიუთითებს ტოიოტა ქემრის შემხებლობას შესაძლო დანაშაულთან დაკავშირებით. დანარჩენი, დეტალები, როდესაც გამოყოფილი საქმის მასალებს გავეცნობით, თქვენთვისაც გახდება ცნობილი", - აცხადებს კობაიძე.
ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ 5 პირს ბრალი დაუმძიმდა. 5 ბრალდებულს გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობასაც ედავება. მათ 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
გარდა ამისა, პროკურატურამ შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ახალი ვიდეო-რეკონსტრუქცია გაავრცელა.
პროკურატურის ვერსიით, შაქარაშვილს სასტიკად სცემეს, შემდეგ კი, მდინარეში გადააგდეს.
პროკურატურის სრული განცხადება იხილეთ აქ.
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 17-ვე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
შეგახსენებთ, 19 ივნისს, საღამოს, კლუბ „საბურთალოს" ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.
სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურმა და მყვინთავებმა შეტყობინებისთანავე სამძებრო სამუშაოები დაიწყეს. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა.
4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.