logo
ENG



კობახიძე: ამნისტია კავშირში არაა მოლაპარაკებებთან, კანონპროექტს არცერთი მუხლი არ დაემატება

16 დეკ 202023:57
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძე: ამნისტია კავშირში არაა მოლაპარაკებებთან, კანონპროექტს არცერთი მუხლი არ დაემატება

ქართული ოცნების უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ამნისტიის შესახებ კანონპროექტს დამატებით არცერთი მუხლი არ დაემატება. პალიტრანიუსის გადაცემა 360 გრადუსში მანვე აღნიშნა, რომ ეს კანონი ოპოზიციის მიერ დასახელებული პოლიტპატიმრებიდან, არცერთს არ შეეხება. 

"ეს კავშირში არ არის მოლაპარაკებებთან გამომდინარე იქიდან, რომ მათ ჰქონდათ დაყენებული 5 პატიმრის საკითხი და უწოდებენ მათ პოლიტპატიმრებს. აქედან ორი გათავისუფლებულია გირაოს ქვეშ. რაც შეეხება ზოგადად ხუთივეს, არცერთ მათგანს ამნისტია არ ეხება, აქედან გამომდინარე, კავშირში არ არის. ჩვენ გვქონდა სიღრმისეული კონსულტაციები ამასთან დაკავშირებით, თითოეული მუხლი იყო პრინციპულად გავლილი და არცერთი მუხლი ამ ამნისტიის კანონს არ დაემატება", - აცხადებს კობახიძე. 

იგი, ასევე ამბობს, რომ პოლიტიკური მოლაპარაკებების ფარგლებში, "პრინციპულად არ განიხილავენ" პოლიტპატიმრების საკითხს, რადგან "საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ". 

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ 16 დეკემბერს განმარტა, რომ ამნისტიის შესახებ კანონპროექტი ასეულობით პატიმრის განთავისუფლებას ითვალისწინებს.

პროექტი 44 მუხლს მოიცავს, რომელთაც შეეხება ამნისტიის აქტი, მათ შორისაა იარაღის შეძენა-შენახვის შესახებ სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილი, რაც მხოლოდ იარაღის შეძენას ან შენახვას ეხება.

პროექტით არაა გათვალისწინებული ამავე მუხლის მეოთხე ნაწილი, იარაღის ტარების შესახებ, რომლითაც გასამართლებულია მთავარი არხის მეწილე, გიორგი რურუა. სხვა დაკავებულებთან ერთად, მისი გათავისუფლება ოპოზიციის ერთ-ერთი მოთხოვნაა, რასაც ფასილიტატორების შუამავლობით ხელისუფლებასთან შეხვედრისას აყენებენ. 

პოლიტიკური მოლაპარაკების V რაუნდის ჩატარების თარიღი უცნობია.

ოპოზიციის მოთხოვნებია პოლიტპატიმრების გამოშვება, ხელახალი არჩევნები და საარჩევნო სისტემის ცვლილება. 

ქართული ოცნების წევრების თქმით, სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელია და მათ საქმიანობაში ვერავინ ჩაერევა. თუმცა, პარლამენტის შეკრებამდე სასამართლომ აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე გაათავისუფლა.


close დახურვა