logo
ENG



კობახიძე: ენმ-მ და ევროპულმა საქართველომ მარშანია და კვიციანი ჩამოაშორეს კენჭისყრას

01 ივლ 202000:47
3 წუთის საკითხავი
 
270felluatqovhs.jpg

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ აქტიურად ცდილობდნენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდნილიყო.

როგორც „ღამის კურიერში“ კობახიძემ განაცხადა, აღნიშნულმა პარტიებმა კენჭისყრას ჩამოაშორეს დეპუტატები - ადა მარშანია და ემზარ კვიციანი.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ უარი თქვეს კენჭისყრაზე. ისინი აქტიურად მუშაობდნენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდნილიყო. პირველ მოსმენამდე მათ ორი დამოუკიდებელი დეპუტატი ჩამოაშორეს კენჭისყრას. უშუალოდ, პირველი მოსმენის წინ, მათ კენჭისყრას ჩამოაშორეს ემზარ კვიციანი, მეორე მოსმენამდე მათ კენჭისყრას ჩამოაშორეს ადა მარშანია“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, ადა მარშანია მეორე მოსმენის წინ იმყოფებოდა ქობულეთში, ხოლო მმართველ გუნდს უთხრეს, რომ ის რაჭაში იყო და წნევა ჰქონდა.

„ამასთან დაკავშირებით, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია. ისინი აქტიურად მუშაობდნენ ამაზე. თუმცა, საბოლოო ჯამში ნახეს, რომ ვერ ახერხებდნენ ხმების 112-მდე შემცირებას. ჩვენც აქტიურად ვმუშაობდით, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები გასულიყო. ადა მარშანიასთან დაკავშირებით, მეორე მოსმენა იყო და ვიკითხეთ სად იყო ადა მარშანია. გვითხრეს, რომ იყო რაჭაში, ჰქონდა წნევა და სიმაღლის გამო ვერ ჩამოდიოდა. ჩვენ გადავამოწმეთ და ის იყო ქობულეთში“, - განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღოცვლილებების თანახმად, არჩევნები მანდატების 120/30 გადანაწილებით ჩატარდება, ხოლო ბარიერი 1%-იანი იქნება. ასევე გათვალიწინებულია ე.წ. "ჩამკეტი", რაც იმას ნიშნავს, რომ 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პარტია ან ბლოკი მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შეძლებს.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ „ევროპულ საქართველოსა“ და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ - ოპოზიციური პარტიები ცვლილებების მხარდაჭერის წინაპირობად „მთავარი არხის“ მეწილის, გიორგი რურუას, წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებას ასახელებდნენ. მათი თქმით, ეს რვა მარტის შეთანხმების ერთ-ერთი ნაწილი იყო.


close დახურვა