logo
ENG



კობახიძე: მადლობას გადავუხდი ოპოზიციონერ დეპუტატებს საბჭოს კანდიდატურების მხარდაჭერისთვის

17 მაი 202315:35
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძე: მადლობას გადავუხდი ოპოზიციონერ დეპუტატებს საბჭოს კანდიდატურების მხარდაჭერისთვის

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმის, ის მადლობას უხდის იმ ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებმაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების კანდიდატურებს მხარი დაუჭირეს.

"დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა ვის სურს კანდიდატის სტატუსის მიღება ჩვენი ქვეყნისთვის და ვინ მუშაობს ამის წინააღმდეგ, დღევანდელი კენჭისყრაც იყო, რა თქმა უნდა, ამის ტესტი. ჩვენ მოხარული ვართ, რომ უკვე აირჩა 3 წევრი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, მათ დააგროვეს 90-ზე მეტი ხმა. ჩვენ გვქონდა მსგავსი ტიპის მოცემულობა სახალხო დამცველის არჩევის დროს და მოგეხსენებათ, მიუხედავად იმისა, რომ არავითარი კითხვის ნიშანი არ არსებობდა ლევან იოსელიანის კეთილსინდისიერებასთან, კომპეტენციასთან და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით, ამის მიუხედავად, არა თუ არ დაუჭირა რადიკალურმა ოპოზიციამ მხარი იოსელიანის კანდიდატურას, არამედ პირიქით, წარმოებდა ბულინგი იმ ქალბატონი დეპუტატების წინააღმდეგ, რომლებმაც ოპოზიციიდან დაუჭირეს მხარი იოსელიანის კანდიდატურას. იქაც მიზეზი იგივე იყო, მიზეზი იყო ის, რომ რადიკალურმა ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს კანდიდატის სტატუსის არ მისაღებად. დღესაც ამის გამოვლინება იყო, ეს იყო მორიგი ტესტი. მე მადლობას გადავუხდი, რა თქმა უნდა, სახელების და გვარების დასახელების გარეშე, იმ ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს შესაბამის კანდიდატურებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს კანდიდატის სტატუსის მიღებას, ეს იყო პრინციპულად მნიშვნელოვანი."- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ იმ დეპუტატებმა ოპოზიციიდან, რომლებმაც მხარი დაუჭირეს იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევას, "ეს დეპუტატები არიან გარიგებული არა ვინმესთან არამედ კანდიდატის სტატუსთან."

"მარტივად გეტყვით, იმ დეპუტატებმა ოპოზიციიდან, რომლებმაც მხარი დაუჭირეს იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევას, ეს დეპუტატები არიან გარიგებული არა ვინმესთან არამედ კანდიდატის სტატუსთან. ეს შემიძლია ცალსახად ვთქვა. ძალიან პრინციპული პოზიცია დააფიქსირეს მათ იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი ქვეყნისთვის სურთ კანდიდატის სტატუსის მიღება."- თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ.

* * * 

პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის კენჭისყრის დროს ოპოზიციის ნაწილმა დარბაზი დატოვა, რის შემდეგაც ტექნიკური შესვენება გამოცხადდა. მანამდე მმართველმა გუნდმა 5 ვაკანტურ პოზიციაზე სამი ახალი წევრის არჩევა მოახერხა: ტრისტან ბენაშვილი (93 ხმა), გიორგი გზობავა (91 ხმა), ზურაბ გურასპაშვილი (93 ხმა).

სწორედ მხარდაჭერილი ხმების რაოდენობა გახდა რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატის უკმაყოფილების მიზეზი. დეპუტატები ამბობენ, რომ ზოგიერთი ოპოზიციონერი "გაიყიდა". კენჭისყრა ფარული იყო და ამის გამო ვერ გახდება ცნობილი იმ დეპუტატების ვინაობა, ვინც აღნიშნულ კანდიდატებს მხარი დაუჭირა.

ოპოზიციის მიერ პლენარულ სხდომათა დარბაზის დატოვების შემდეგ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის დარჩენილ 2 ვაკანტურ თანამდებობაზე არავინ შეირჩა. კენჭისყრის მეორე ტურში ოთხი კანდიდატი გადავიდა: რუსუდან კვინიკაძე, გოგა კიკალაშვილი, ლევან ნემსაძე და ნინო ნიშნიანიძე.


close დახურვა