logo
ENG



კობახიძე: მეტ დროს დავუტოვებთ პარტიებს პარლამენტში შემოსვლისთვის, არ შეუწყდებათ დეპუტატობა

08 დეკ 202021:21
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძე: მეტ დროს დავუტოვებთ პარტიებს პარლამენტში შემოსვლისთვის, არ შეუწყდებათ დეპუტატობა

ქართული ოცნების ერთერთი ლიდერი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ოპოზიციასთან "ბევრ საკითხზე შეაჯერეს პოზიციები, ეს კი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა".

როგორც მან შელაპარაკებების მეოთხე რაუნდის დასრულების შემდეგ განცხადა, ხელისუფლება ოპტიმისტურად არის განწყობილი.

მან ასევე ისაუბრა მექანიზმზე, რის ამოქმედებასაც უმრავლესობა გეგმავს:

"თუ ზოგიერთი პარტია გადაწყვეტს, რომ არ შემოვიდეს პარლამენტში, ჩვენ მეტ დროს დავუტოვებთ ამ პარტიებს იმისთვის, რომ თუნდაც მოგვიანებით შემოვიდნენ პარლამენტში. არ შეუწყდებათ მათ სადეპუტატო უფლებამოსილება. ეს არის საბოტაჟის საწინააღმდეგო მექანიზმი, რომელიც გათვალისწინებულია კონსტიტუციაში. ნებისმიერ დროს, მაგალითად მომავალ წელს, მათ შეეძლებათ, რომ დატოვონ ბოიკოტის რეჟიმი და შემოვიდნენ პარლამენტში", - თქვა კობახიძემ.

მისი თქმით, მათი მხრიდან განიხილება საარჩევნო რეფორმის საკითხები, რაც შეეხება ოპოზიციისთვის მნიშვნელოვან ორ საკითხს, კობახიძე ამბობს, პოლიტპატიმრების საკითხი სამართლებრივად არის გადასაწყვეტი, ახალი არჩევნების ჩატარების საფუძველი კი არ არის.

"ე.წ. პოლიტპატიმრების საკითხს რაც შეეხება, ეს არის სამართლებრივად გადასაწყვეტი საკითხი შესაბამისი ორგანოების მიერ, ეს არის მკაფიო პოზიცია, რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნებს, ვერც ერთი პუნქტით ვერ ამტკიცებენ ისინი იმას, რომ რაიმე სისტემური ტიპის ხარვეზი იყო. რა თქმა უნდა, ხარვეზები იყო, იყო ლოკალური ტიპის ხარვეზები, მაგრამ დღეს გვქონდა ამასთან დაკავშირებით მსჯელობა და ვერც ერთ პუნქტში ისინი ვერ ამტკიცებენ იმას, რომ რაიმე სისტემური ხარვეზი იყო და რომ 48% არ არის 48%. ოპოზიციას საფუძველი არ აქვს, რომ რიგგარეშე არჩევნები მოითხოვოს. მსჯელობის შედეგად მათ დაინახეს, რომ არავითარი სისტემური გაყალბება და მანიპულაცია არ ყოფილა", - განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება თამარ ჟვანიას თანამდებობიდან გადაყენების საკითხს, კობახიძე ამბობს, რომ ოპოზიციამ გადამოწმების ყველა ინსტრუმენტზე უარი თქვეს, შესაბამისად, მისივე თქმით, "ვინც უარს ამბობს, ის უნდა გადადგეს".

ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების IV რაუნდი დღეს, 8 დეკემბერს გაიმართა.

მოლაპარაკების საკითხი ოპოზიციის მხრიდან პარლამენტის ბოიკოტის ფონზე, მათი მოთხოვნები და ხელისუფლებისთვის შეთავაზებული წინადადებებია - ისინი ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ახალი არჩევნების ჩატარებას და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ. 

ოპოზიციამ ხელისუფლებას წერილობითი შეთავაზებაც გაუკეთა - ჩამოთვლილ საკითხებთან ერთად შეთავაზების ერთ-ერთი პუნქტი 2021 წლის შემოდგომაზე რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შესახებ პლებისციტის ჩატარებაა. სწორედ ეს საკითხები განიხილეს ოპოზიციის და ხელისუფლების წარმომადგენლებმა 7 დეკემბრის სხდომაზე.  

შეხვედრები დიპლომატიური კორპუსის ჩართულობით მიმდინარეობს. პარლამენტი 11 დეკემბერს შეიკრიბება, თუმცა მოლაპარაკებები ამ დრომდე კონკრეტულ შედეგამდე ჯერჯერობით არ მისულა.

საქართველოში პოლიტიკური კრიზისი 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს მოჰყვა. ოპოზიცია არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და ოფიციალურ შედეგებს არ აღიარებს. ამ დრომდე ყველა ოპოზიციური პარტია უარს ამბობს პარლამენტში შესვლაზე.

ხელისუფლება აცხადებს, რომ რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას არ განიხილავს. 7 დეკემბრის შეხვედრის შემდეგ არჩილ თალაკვაძემ, რომელიც, ირაკლი კობახიძესთან ერთად, მოლაპარაკებებზე ხელისუფლებას წარმოადგენდა, თქვა, რომ განმეორებით არჩევნებს ან პლებისციტს ქართული ოცნება არ განიხილავს. თუ ოპოზიციის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება და მათი ერთიანი ბოიკოტიც ძალაში დარჩა, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ერთპარტიული პარლამენტი შეიკრიბება.


close დახურვა