logo
ENG



კობახიძე: უახლოეს დღეებში ოპოზიციის დიდი ნაწილი შემოუერთდება საპარლამენტო მუშაობას

11 დეკ 202011:44
3 წუთის საკითხავი
 

მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის დაწყების წინ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ოპოზიციის დიდი ნაწილი შეუერთდება საპარლამენტო საქმიანობას.

კობახიძის თქმით, უნდა გაევლოს ზღვარი ჯანსაღ და არაჯანსაღ ოპოზიციას შორის.

"დღეს შედგება მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა და იწყება ახალი 4-წლიანი პოლიტიკური ციკლი. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ უახლოეს დღეებში ოპოზიციის დიდი ნაწილი შემოუერთდება საპარლამენტო მუშაობას. მნიშვნელოვანია, გაივლოს ზღვარი საბოლოოდ ჯანსაღ და არაჯანსაღ ოპოზიციას შორის. არაჯანსაღი პოლიტიკური პარტიების ადგილი პარლამენტში და ქართულ პოლიტიკაში არ არის. ჯანსაღ ოპოზიციურ პარტიებს უნდა მიეცეთ შანსი, მაქსიმალურად ჩაერთონ საპარლამენტო მუშაობაში", - განაცხადა კობახიძემ.

მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, დღეს, 11 დეკემბერს 12:00 საათზე გაიხსნება. 

დარბაზში კი მხოლოდ ქართული ოცნების დეპუტატები ისხდებიან. 

საკანონმდებლო ორგანოში სხდომის მიმდინარეობის პარალელურად, ბარიერგადალახული 7 ოპოზიციური პარტია, ახალგაზრდობის სასახლის წინ, საპარლამენტო უფლებამოსილების შეწყვეტასა და პარტიული სიების ჩახსნასთან დაკავშირებით მემორანდუმს მოაწერს ხელს. ამით, ოპოზიციური პარტიები დემონსტრაციულად გამოუცხადებენ, მათივე შეფასებით, არალეგიტიმურ, გაყალბებული არჩევნების შედეგად მიღებულ პარლამენტს.

ხელის მოწერის ცერემონიაში მონაწილეობას არ მიიღებს გირჩი, თუმცა ისინი მაინც უარს ამბობენ საპარლამენტო მანდატებზე და სიებსაც აუქმებენ. 

ხელის მოწერის ცერემონიაში მონაწილეობას არ ღებულობს არც პარტია მოქალაქეები, მაგრამ ისინი საპარლამენტო მანდატებზე ამ ეტაპზე უარს არ ამბობენ და აცხადებენ, რომ მათთვის მისაღები საარჩევნო რეფორმის სანაცვლოდ და პოლიტპატიმრების გამოშვების შემდეგ პარლამენტში შევლენ. ალეკო ელისაშვილის თქმით, ოპოზიცია ხელისუფლების შეთავაზებას უნდა დათანხმდეს, დაუმტკიცოს მას, რომ არჩევნებზე ოცნების სანაცვლოდ 1%-ზე მეტი ცდომილება იყო და მმართველ გუნდს ამ გზით აიძულოს დანიშნოს ხელახალი არჩევნები. 

ამავდროულად, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ფასილიტატორი ელჩების შუამავლობით მოლაპარაკებები გრძელდება. 14 დეკემბერს ჩანიშნულია მოლაპარაკებების V რაუნდი. ოპოზიციის მოთხოვნებია პოლიტპატიმრების გამოშვება, ხელახალი არჩევნები და საარჩევნო სისტემის ცვლილება. 

მმართველი გუნდის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ ხელახალი არჩევნების ჩატარება გამორიცხულია. თუმცა, პარტიის გენერალურმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციას განაცხადა, რომ 2020 წლის არჩევნების სამართლიანობას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია შეისწავლის, ხოლო თუკი 1%-იანი გადაცდომა მაინც დაფიქსირდება ქართული ოცნების სასარგებლოდ, ქართული ოცნება რიგგარეშე არჩევნებს გამოაცხადებს.

რაც შეეხება პოლიტპატიმრებს, ქართული ოცნების წევრების თქმით, სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელია და მათ საქმიანობაში ვერავინ ჩაერევა. თუმცა, პარლამენტის შეკრებამდე სასამართლომ აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე გაათავისუფლა. მათი გათავისუფლება სხვა პოლიტპატიმრებთან ერთად, ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო.

 


close დახურვა